საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.
ინიციატივას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, მისი აღსრულება კი ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს. აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით).