“რუტინად გვექცა უკვე ყოველი დილა _ 7-ის ნახევარზე ვიწყებთ მუშაობას ბაზარში გასვლით, მერე საწყობში მიტანა, აწონვა, დახარისხება, განაწილება. ცალკე ჯგუფი მუშაობს ბაზების შექმნაზე. ჯგუფი იღებს ინფორმაციას შემოსული შეტყობინებებიდან. შეძლებისდაგვარად ვამოწმებთ, რა სჭირდებათ, რა უჭირთ და ვადგენთ მისამართებს. მერე დახარისხებული კალათები მიდის საწყობიდან და ნაწილდება სხვადასხვა მისამართზე“, _ ყვება სამოქალაქო აქტივისტი და საქველმოქმედო პროექტის „ჰელფების“ დამფუძნებელი გიგა მაქარაშვილი.
„ჰელფების“ ჯგუფი 26 იანვრიდან დადის ოჯახებში და ეხმარება მათ საჭირო ნივთებით და სხვადასხვა პროდუქტებით. გიგას თქმით, 26 ნოემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ისინი იყვნენ 2 762 ოჯახში და დაეხმარნენ თითქმის 12 000 ადამიანს. მათ შორის 110 ოჯახს გურიაში. სადაც ძალიან მძიმე სიტუაციაა, როგორც მთელს საქართველოში. „ ჰელფების“ ჯგუფები ყოველდღიურად 150-120 ოჯახს ეხმარებიან.
„ყველა რეგიონში ვართ. დაახლოებით 250 სოფელი და ყველა ქალაქი მოიცვა ჩვენმა კამპანიამ ამ ეტაპისთვის. 2 500-ზე მეტი „ჰელფია“ ჩართული. დღეში, მინიმუმ, 70-ზე მეტი ადამიანი მუშაობს დილიდან საღამომდე დიდი ენთუზიაზმით, რომ ეს პროექტი შედგეს. ყოველდღიურად ჩავდივართ რუსთავში. სხვა ქალაქებში გვყავს ჩვენი მეგობარი „ჰელფები“, რომლებსაც ვუგზავნით თანხას და ისინი უწევენ ორგანიზებას პროდუქტების შეძენას, დახარისხებას. შემდეგ ჩვენგან გადაგზავნილ მისამართებზე ხდება კალათების განაწილება. ქუთაისში და ბათუმში სამ-სამი ჯგუფები გვყავს , რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას კარანტინის დასრულებამდე “, _ ამბობს გიგა მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი: „დავწერე, რომ შემეძლო ნებისმიერ რამეში დავხმარებოდი _ ეს იქნებოდა ნაგვის გატანა, დალაგება, ინფიცირებული ბავშვების გამხიარულება თუ სხვა რაიმე საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ გამომეხმაურა. თუმცა, გამომეხმაურნენ ადამიანები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს. ზოგმა ხელთათმანები მომიტანა, ზოგმა _ სადიზენფექციო ხსნარი, ხალათები, კომბინეზონები. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი მოხალისედ ჩართულიყო ჩვენს აქტივობაში. ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი საქველმოქმედო პროექტის „ჰელფებს.“