100-ზე მეტი რესტორანი და კვების ობიექტი დღეს პროტესტის ნიშნად მიტანის სერვისს შეაჩერებს. რესტორატორების განცხადებით, ეს იქნება პროტესტი იმ რეგულაციებზე, რომელთა გამოც რესტორნები სრულფასოვან მუშაობას ვერ ახერხებენ.
„მოდით ვთქვათ, რომ არ ვმუშაობთ, ამას მუშაობა არ ჰქვია. ფაქტობრივად, რესტორნები დაკეტილი გვაქვს, მიტანის სერვისი არის ჩვენთვის მინუსი, ვინაიდან იმის გამო, რომ მიტანის კომპანიებიც წილში გვყავს, ეს ძალიან ძვირი გვიჯდება. სასოწარკვეთილები ვართ და ამიტომ მივიღებთ მონაწილეობას ამ აქციაში, ეს იქნება სიმბოლური ბოიკოტი“, – აცხადებს „შავი ლომის“ მფლობელი მერიკო გუმბერიძე.
რესტორატორები ამბობენ, რომ რთული ფინანსური მდგომარეობა აქვთ და თუ რეგულაციები არ გაუქმდება, მათ შესაძლოა სხვა პროტესტის სხვა ფორმებს მიმართონ.
„თანამშრომლები ვეღარ გამოგვყავს სამსახურში, ტრანსპორტი არის გაჩერებული, ძალიან ბევრი თანამშრომელი კი გარეუბნებში ცხოვრობს. მიტანის სერვისის ამარა დავრჩით, სადაც მე ყოველღამე მიწევს მორიგეობა, როგორც რიგით მზარეულს“, – ამბობს რესტორან „ზაზანოვას“ მფლობელი მარინა სალუქვაძე.
წყარო: იმედინიუსი