დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერი სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომელზეც, ყველას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და დაელოდოს იმ საგამოძიებო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს. მან აქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს ეხება ყველას და უნდა იყოს საერთო სახელმწიფოებრივი მიდგომა.
„ჩვენ, ყველამ, თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება, თეორიულადაც კი, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარეჯის მომავალსაც და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად სენსიტიური საკითხი. თითოეულ სიტყვას აქვს, არა მხოლოდ პოლიტიკური, სოციალური, ან ისტორიული მნიშვნელობა, მას პირდაპირი მნიშვნელობა ექნება იმ პროცესებზე, რომელიც პრაქტიკული მნიშვნელობის არის” – განაცხადა პრემიერმა.