უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაზე ისაუბრა. მან რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში უარესდება. შესაბამისად, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება მომავალში და მკაცრი ზომების დაწესების აუცილებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ არსებული რეგულაციები და გავუფრთხილდეთ ჩვენს გარშემომყოფებს – ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ა.შ.”, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.