ახლახან, ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, აგრარული ბაზრის შესასვლელთან, შელაპარაკება მოხდა საპატრულო ეკიპაჟსა და, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს შორის.
როგორც თვითმხილველებმა ნახეს და უსმინეს, პატრულმა ახალგაზრდას შენიშვნა მისცა და ჯარიმა გამოუწერა იმის გამო, რომ პირბადე არ ეკეთა.
ახალგაზრდა მამაკაცი ყვიროდა და პოლიციელზე იწევდა, რა დროსაც ნაცნობები აკავებდნენ, თუმცა, ის მეგობრებს არ უჯერებდა და მათაც ხელის კვრით იშორებდა.
_ რა პირბადე, ბიჭო, სიგარეტს ვეწეოდი. გიჩივლებთ. თქვენ ვინ ხართ? არ იყავით ჩემხელა? არ გაბედოთ ჯარიმის დაწერა, თორემ სეირს გაჩვენებთ, _ ყვიროდა ის და უწმაწური სიტყვებით პატრულისკენ იწევდა.
ეკიპაჟის წარმომადგენელმა უთხრა მას, რომ დაჯარიმებულია და ერთ კვირაში შეტყობინება მიუვა.
ნაცნობ-უცნობების თხოვნამ ახალგაზრდისადმი, გაჩუმებულიყო და შეეწყვიტა გინება, მან არ მოუსმინა.
„რას „ბლატაობ“ ბიჭო, წამო სახლში, “ „გაჩერდი , ადამიანო, ამდენ გინებას ვინ გაპატიებს, თუ დალიე, მოინელე“, _ ეძახდნენ მას და პოლიციასაც თხოვდნენ, „მთვრალია და გაგვატანეთ, შინ წავიყვანთო“. თუმცა, ეკიპაჟმა მამაკაცს ხელბორკილი დაადო და ოზურგეთის განყოფილებაში გადაიყვანეს.
დაუმძიმდება თუ არა ახალგაზრდას სასჯელი ჯარიმის გარდა, ამის შესახებ ინფორმაციას „გურია ნიუსი“ პრესსამსახურიდან ინფორმაციის მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.