„იციან, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად მარცხდებიან, ამიტომ გადასული არიან მავნებლურ პოლიტიკაზე, რომ რამენაირად პრობლემები შეუქმნან არა ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, არამედ ჩვენს სახელმწიფოს და მოქალაქეებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრობა და ამ მტრობას კიდევ ერთხელ წერტილს დავუსვამთ 2 ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, შეუძლებელია სერიოზული კომენტარის გაკეთება მავნებელი, არასერიოზული კაცის განცხადებებზე.
„შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და შემდეგ დავიწყეთ აქტიური მუშაობა უვიზო რეჟიმის მიღებაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ შემთხვევაში საუბარი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო გადაადგილებაზე, ეს ხომ არ იყო მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრებისთვის უვიზო გადაადგილება, ჩვენ ვმუშაობდით მთელი მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის მიღწევაზე, რაც რა თქმა უნდა, იქნებოდა ძალიან დიდი აღიარება; ასეც მოხდა მოგვიანებით და ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს უვიზო რეჟიმი. მაშინ, მიდიოდა, პირდაპირ უნდა ითქვას, მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი მუშაობა, რომ როგორმე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენს ქვეყანას უვიზო რეჟიმი არ მიეღო. რა ჰქვია ამას, გეკითხებით, თუ არა საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის მტრობა. იგივე ხელწერაა აბსოლუტურად მას შემდეგ და დღესაც გრძელდება, ვინაიდან, ეს ადამიანები საკუთარ მოსახლეობას, ხალხს ვეღარ ელაპარაკებიან, იციან, რომ ყველა არჩევნებში მარცხდებიან სასტიკად, ამიტომ გადასული არიან ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე, რომ რამენაირად პრობლემები შეუქმნან ჩვენს პოლიტიკურ პარტიას კი არა, ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრობა და ამ მტრობას კიდევ ერთხელ წერტილს დავუსვამთ 2 ოქტომბერს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.