ორი დღეა, სამტრედიაში გადაუღებლად წვიმს. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩები და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.
ქუჩაში გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ტრანსპორტისთვის.
მოსახლეობა საშველად მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს.
კომუნალური და კეთილმოწყობის სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს ორია დღეა აწარმოებენ.
დატბორილ მოსახლეობასთან ადგილებზე მიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი და პრობლემის მოგვარებას ჰპირდება.
სოციალურ ქსელში სამტრედიელები მათი საცხოვრებელი სახლებისა და ქალაქის დატბორვის ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებენ. სამტრედიელი ედიშერ კოპალეიშვილი, რომელიც ქალაქის მერის მოადგილედ, 15 წლის წინ, ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა, დღევანდელ ხელისუფლებას რჩევას აძლევს: “მეტსაც გეტყვით, სამტრედიელებო, სასწრაფოდ გასაწმენდია ბაზრის და ,,ბონგის” მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სავაჭრო მაღაზიების წინ დახურული წყალსაწრეტი არხები, ყოფილი კურორტის ტერიტორიაზე არსებული დახურული არხი და რა თქმა უნდა, რკინიგზის მაგისტრალის ქვემოთ არსებული გასასვლელი არხები.
დარწმუნებული ვარ კარგი ბონუსი იქნება არჩევნების წინ.
ქუჩების ასფალტირება, რა თქმა უნდა, კარგია და ეფექტურია ვიზუალური თვალსაზრისით, მაგრამ სამტრედიაში კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია, წყალსაწრეტი და დახურული არხების სისტემატური გონივრული წმენდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, წერს ედიშერ კოპალეიშვილი.
[sexy_author_bio]