კალანდობა 2022-ის დადგომამდე რამდენიმე საათიღა რჩება.
ე.წ. ძველი ახალი წლის შემობრძანებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლესთან დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყო. უამინდობის მიუხედავად, ღონისძიებაზე არაერთი ადამიანი მივიდა.
აქ მისული პატარების განწყობაზე სხვადასხვა ადგილობრივი შემსრულებლები ზრუნავენ. მოწყობილია საახალწლო ბაზრობაც, სადაც სხვადასხვა პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი.
„გურია ნიუსი“ ღონისძიებაზე მყოფ რამდენიმე ადამიანს გაესაუბრა.
„ძალიან კარგი განწყობით ვხვდები კალანდას. აღფრთოვანებული ვარ, რომ ასეთი კარგი კონცერტი მოგვიწყვეს“,_ ამბობს ხატია.
ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივ მეწარმეებსაც, რომლებსაც სხვადასხვა ნაწარმი აქვთ წარმოდგენილი.
„ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს გურული ფუტკრის ნატურალური თაფლი და თაფლის არაყი. საკმაოდ ხალისიანი საღამოა, ამინდმა შეგვიშალა ცოტა ხელი, მაგრამ, იმედია რომ ხალხი უფრო მოგროვდება და ვუმასპინძლებთ“,_ ამბობს სალომე ცინცაძე.
კიდევ ერთი მეწარმე ქალბატონი აქ გუთურიდან არის ჩამოსული და ნაქსოვი სათამაშოები აქვს გამოტანილი.
„გუთურიდან ვარ, ნაქსოვი სათამაშოები მაქვს გამოტანილი. 5 წელია რაც ამ საქმით ვარ დაკავებული“,_ გვეუბნება ის.
მზია კვინტრაძე კი ჩვენთან იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რაც ადგილობრივ მეწარმეებს ხვდებათ.
„კარგა ხანია ვმუშაობ თექაზე. ვხატავ. დღეს წარმოვადგინე აღდგომის ხატი და სხვადასხვა კომპოზიციები. მე მგონი ელემენტარული ყურადღება და ხელშეწყობა რაღაც საკითხებში ყველას გვჭირდება. მე პირადად ვისურვებდი, რომ ყოფილიყო სალონი, სადაც ეს მეწარმეები დადებდნენ ნამუშევრებს და გაიყიდებოდა. ნიჭიერებს, რომლებსაც ხელიც კი არ მიუწვდებათ ნედლეულის შეძენაზე დახმარება პირველ ეტაპზე ნამდვილად სჭირდებათ“,_ ამბობს კვინტრაძე.
საკალანდო ღონისძიება ჩოხატაურში ამ წუთებშიც გრძელდება და გვიან ღამით ფოიერვერკით დასრულდება.
[sexy_author_bio]