“მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა 3 წლისა და 6 თვის ვადით.
როგორც მოსამართლემ განაცხადა, გვარამიას პატიმრობის ვადის ათვლა 2022 წლის 16 მაისიდან დაიწყება.
ინფორმაციისთვის, მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა.
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.
საქალაქო სასამართლომ გვარამია ბრალდების გარკვეული მუხლების ნაწილში, გაამართლა, ნაწილში კი, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას თავისუფლება 3 წლისა და 6 თვის ვადით აღეკვეთა.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულების, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის, მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.