გამოცემა „Sky Sport“-ის ინფორმაციით, დღეს ხვიჩა კვარაცხელია ქალაქ ნეაპოლში დაბრუნდება და „ნაპოლის“ „კასტელ ვოლტურნოს“ საწვრთნელ ბაზაზე შეუერთდება. ამის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება.
იტალიური გამოცემა „GAZZETTA“ ხვიჩა კვარაცხელიას თემას შეეხო და აღნიშნა, რომ სტადიონის ტრიბუნებზე „ნაპოლის“ ქომაგების დაბრუნებაში ქართველის როლი უდიდესია.
„ჩვენ მის თანაგუნდელებზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ქართველის ფანტაზიამ და იმ თამაშმა, რომელსაც ის გვთავაზობს, ნეაპოლელ გულშემატკივრებს „მარადონაზე“ მისვლის სიხარული დაუბრუნა. როდესაც ბოლო 3 თამაში „ნაპოლი“ KK77-ის გარეშე ითამაშა, რადგან მას წელი აწუხებდა, გულშემატკივრები კვლავ აგრძელებდნენ კლუბის მხარდაჭერას და ეს კვარაცხელიას დიდი დამსახურებაა“, – დაწერა გამოცემამ.
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერში შუამავალი იყო, განაცხადა, რომ კიდევ ერთი ქართველი ტალანტი მზადაა, რომ მალე თავისი სიტყვა თქვას და ფართო საფეხბურთო საზოგადოებამ გაიცნოს.
თუმცა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ძაკარდოს კონკრეტული სახელი და გვარი არ დაუსახელებია:
„კიდევ ერთი ახალი ქართველი ტალანტი აფეთქებისთვის მზადაა, ის 19 წლის შემტევია და ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. სახელს მოგვიანებით გეტყვით“.
იტალიურ მასმედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატისა და საკლუბო ფეხბურთში დასვენებისა, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი აქტიურ მუშაობას აგრძელებს და მომავალ სატრანსფერო სიაში ერთბაშად 8 ფეხბურთელი შეიყვანა.
მის ჩამონათვალში მოხვდნენ „ემპოლის“ 26 წლის მეკარე გილერმო ვიკარიო, ასევე „ემპოლის“ 22 წლის მცველი ფაბიანო პარიზი, ამავე გუნდის 19 წლის ნახევარმცველი ტომაზო ბალცანი, „კრემონეზეს“ 22 წლის კარის დარაჯი მარკო კარნეზეკი, „ვერონას“ 20 წლის მცველი ჯოშ დოიგი, „სასუოლოს“ 23 წლის ნახევარმცველი დავიდე ფრატეზი, ამავე გუნდის 23 წლის ფრანგი ნახევარმცველი არმანდ ლაურინი და შვეიცარიული „ლუცერნის“ 20 წლის ნახევარმცველი არდონ ჯაშარი.
ჯუნტოლი აქცენტს კვლავ ახალგაზრდებზე ჩამოდის. ზოგიერთი მათგანის ტრანსფერი „ნაპოლიმ“ შესაძლოა, უახლოეს დღეებშიც კი გაჩარხოს, მაგრამ ნეაპოლურ კლუბს მომავალი წლის ზაფხულიდან შეუერთდებიან.
გუშინ, საქართველოს ნაკრების 21 წლის კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა პირველად ივარჯიშა ესპანური „მურსიას“ მაისურით და მისი დებიუტი შესაძლოა, „ლიგა ენდესას“ მომდევნო ტურშივე შედგეს.
„მხოლოდ 24 საათი იყო გასული მას მერე, რაც რატი ანდრონიკაშვილი ესპანეთში ჩამოვიდა და ის უკვე ვარჯიშზე ვიხილეთ. ქართველი კალათბურთელი სეგურიის დედაქალაქში იმ მიზნით გამოჩნდა, რომ ტრავმირებული ჯორდან დევისი შეცვალოს. აზერბაიჯანის მოქალაქეობის მქონე ამერიკელ უკანახაზელს კუნთის ტკივილი აწუხებს და იანვრამდე ნამდვილად ვერ ითამაშებს.
სიტო ალონსოს შეუძლია ანდრონიკაშვილი როგორც გამთამაშებლის, ასევე შემტევი მცველის პოზიციაზე გამოიყენოს, თუმცა, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ „მურსიამ“ ქართველი ლეგიონერი ორ ნომერზე სათამაშოდ დაიმატა. დევისის არყოფნაში, ანდრონიკაშვილის ფიზიკური მონაცემები გუნდს ძალიან უნდა გამოადგეს.
საინტერესოა, რომ რატის დებიუტი შესაძლოა „ბასკონიას“ წინააღმდეგ შედგეს, ეს კი, ის კლუბია, სადაც ის ადრეულ წლებში ვარჯიშობდა, სანამ „სან პაბლო ბურგოსის“ ახალგაზრდულ გუნდს მიაშურებდა. ანდრონიკაშვილს „მურსიაში“ ერთი კარგი ნაცნობიც დახვდა: ამერიკელი თად მაკფადენი, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს და ნაკრებში რატისთან ერთად არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული“, – წერია „მურსიას“ ვებგვერდზე.
გუშინ ცნობილი გახდა რომ ფეხბურთში, „ერთა ლიგის“ ფინალური ტურნირი ნიდერლანდებში გაიმართება. მასში „A ლიგის“ ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები: ნიდერლანდების, ხორვატიის, იტალიისა და ესპანეთის ეროვნული გუნდები ითამაშებენ – გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ–გვერდი.
მინი–ტურნირი ორ ქალაქში, როტერდამსა და ენსხედეში ჩატარდება. ნახევარფინალები 2023 წლის 14-5 ივნისს გაიმართება. მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი – 18 ივნისს.
ნახევარფინალური წყვილების წილისყრა 2023 წლის იანვარში გაიმართება შვეიცარიულ ნიონში.
ტურინის „იუვენტუსში“ კი დიდი ვნებათაღელვაა. კლუბის დირექტორთა საბჭომ სრული შემადგენლობით თანამდებობა დატოვა.
გადადგომის გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ, ვიცე–პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა და გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ მიიღეს. მიზეზი უცნობია, თუმცა, ის კი ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში ფანები ანიელის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავდნენ.
„იუვენტუსს“ ანიელების ოჯახი და კომპანია „EXOR“ ფლობს, რომელიც თავის მხრივ, ანდრეა ანიელის ბიძაშვილის ჯონ ელკანის მფლობელობაშია. ჯერჯერობით, არაა ცნობილი, ვინ იქნება ტურინული გრანდის ახალი პრეზიდენტი.
ანდრეა ანიელი იუვენტუსის პრეზიდენტად 2010 წლის გაზაფხულზე დაინიშნა და მისი მმართველობის პერიოდში „იუვემ“ იტალიის ჩემპიონატი 9-ჯერ მოიგო, 2-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
ავტორი