რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ინტერვიუ როსია 1-თან არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის საჯაროდ აკეთებს კომენტარს რუსეთის პოტენციურ დაშლაზე.
მისი თქმით, „თუ დასავლეთი მოახერხებს რუსეთის ფედერაციის დაშლას და მის ფრაგმენტებზე კონტროლის აღებას“, რუსი ხალხი შეიძლება ვერ გადარჩეს როგორც ერი.
„თუ ჩვენ ამ გზას გავუყვებით, რაც რუსეთის დაშლას გულისხმობს, ვფიქრობ, რომ რუსეთის ბევრი ხალხის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსი ხალხის ბედი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.
მე ეჭვიც კი მეპარება, რომ ისეთი ეთნიკური ჯგუფი, როგორიც რუსი ხალხია, გადარჩება ისე, როგორც დღეს არის, მის ნაცვლად დარჩება ზოგიერთი მოსკოვი, ურალი და სხვები”,_ განაცხადა პუტინმა.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ „ეს გეგმები ქაღალდზეა ჩამოყალიბებული“.
”მაგრამ ეს ყველაფერი იქ არის, ყველაფერი დაწერილია, ეს ყველაფერი ფურცელზეა”, – თქვა პუტინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ერთადერთი მიზანია ვითომდა “რუსეთის ლიკვიდაცია მისი ამჟამინდელი სახით”.
“მათ ერთი მიზანი აქვთ – ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი ძირითადი ნაწილის, რუსეთის ფედერაციის ლიკვიდაცია. მოგვიანებით კი, [რუსეთის ლიკვიდაციის შემდეგ], ალბათ, ეგრეთ წოდებულ ცივილიზებულ ხალხთა ოჯახში შეგვიყვანენ, ოღონდ ნაწილებად, თითოეულ ნაწილს ცალ-ცალკე“, – განაცხადა მან.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ადრე განაცხადა, რომ დასავლეთს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთთან დაკავშირებით და არ ესმის, როგორ უნდა დასრულდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომი. თუმცა, მსოფლიო უნდა მოემზადოს რუსეთის დაშლისთვის.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთი დაიშლება ცალკეულ სახელმწიფოებად, ხოლო უკრაინა შეინარჩუნებს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.