2023 წლის აპრილის მდგომარეობით, აფხაზეთში კონტროლი გაძლიერებულია, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ, _ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.
“გალის რეგიონში კვლავ გამოწვევად რჩება იმ ადგილობრივების „პასპორტიზაციის” საკითხი, ვინც არ დათმო საქართველოს მოქალაქეობა. 2023 წლის დასაწყისიდან, გალელების უმრავლესობის დროებითი გადაადგილების დოკუმენტებს 5 წლიანი მოქმედების ვადა ამოეწურა. საჭირო დოკუმენტები გალის მოსახლეობის ნაწილმა 2022 წლის ბოლოს ჩააბარა. გადაადგილების დოკუმენტის სანაცვლოდ, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახური ითხოვს ბოლო 5 წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ყოფნის დადასტურებას. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით პრობლემურია სტუდენტებისთვის და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაქმებული ადგილობრივებისთვის.
მოსახლეობის ეს ნაწილი 2023 წლის 1 მარტს დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში და შეატყობინეს, რომ გადაადგილების დოკუმენტს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც გადამოწმდება, ხომ არ ეწევიან თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობას. გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებაში ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, გადაადგილების თავისუფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს და შედეგად იწვევს გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის განათლებაზე, დასაქმებაზე და სხვა საბაზისო საჭიროებებზე წვდომის შეზღუდვას”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.