გადანაცვლება ახალ იმპულსს, ახალ ენერგიას მოგვცემს, მაგრამ თანამდებობრივად ეს არის თანაწონადი პოზიციები, – ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გახორციელებულ ცვლილებას.
“პირველი პირები, ლიდერები – ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ერთმანეთთან ყოველთვის მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში იმყოფებოდნენ და ასევე გაგრძელდება. გრძელი, რთული გზა გამოვიარეთ საკმაოდ წარმატებულად. მიღწევები ნათელია, პრობლემები კიდევ ბევრია დარჩენილი და მობილიზება როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არ იქნება არანაირად შემცირებული. ერთი ფლანგიდან მეორეზე გადანაცვლება ახალ იმპულსს, ახალ ენერგიას მოგვცემს, მაგრამ მართვის სისტემა არ შეიცვლება. ირაკლი კობახიძე იქნება პოლიტსაბჭოს პოლიტიკური მდივანი და პოლიტსაბჭოში მას იგივე პოზიციები შეუნარჩუნდება, რაც ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს.
არ მინდა ვინმემ ერთი წუთით დააკნინოს, ან გაივლოს ის აზრი, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერობა არის დაკნინება იმ მიღწევის და პოზიტიური განვითარების, რაც ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება. როგორ შეიძლება, რომ პარტიული ლიდერობა, როცა თქვენ გინდათ მაღალი თანამდებობაა, როცა გინდათ – დაბალი? ასე არ არის. თანამდებობრივად ეს არის თანაწონადი პოზიციები და გრძელ და რთულ გზაზე ეს გადანაცვლება არის გამართლებული. ირაკლი ღარიბაშვილის წინადადებით მოხდა, რომ ეს ცვლილება ახლა ხორციელდება – იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში. ჩვენ მაინც ვფიქრობდით, ზაფხული იყო უკეთესი პერიოდი ამისთვის.
კიდევ ერთი მინდა გითხრათ, არ არსებობს 2011 წლიდან მოყოლებული გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ერთპიროვნულად, პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე მიეღო. მუდმივად არსებობს კონსულტაციების რეჟიმი, რომელიც ერთი პერიოდი შეწყდა, რადგან გასული იყო პოლიტიკიდან და ურთიერთობის ისევ იმავე რეჟიმს დავუბრუნდით,“ – განაცხადა ვოლსკიმ.