პენსიონერების დახმარებისა და მხარდაჭერის მიზნით პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენლები ლანჩხუთშიც იმყოფებოდნენ.
შეხვედრა, რომელსაც 10 პენსიონერი თუ ესწრებოდა, ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში გაიმართა.
შეხვედრების მიზანი, როგორც შეხვედრაზე ითქვა, იმ ადამიანების დახმარება გახლდათ, ვინც საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს საპენსიო სესხთან დაკავშირებულ პრობლემის მოგვარებას _ საუბარია პანდემიის დროს სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის სანაცვლოდ საპენსიო სესხის ვადის სამი და ოთხი წლით გახანგრძლივებაზე. ასევე ე.წ. ოვერდრაფტებთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც პენსიონერთა ნაწილი ამბობდა, ბანკმა მათ ისე გაუფორმა, რომ არ აუხსნა, რა ტიპის სესხთან ჰქონდათ საქმე. პენსიონერებისვე თქმით, არაერთი წელია თანხას იხდიან, თუმცა ბანკში მათი დავალიანება მაინც უცვლელია.
შეხვედრაზე მოსული პენსიონერები ~ფაქტობრივად ერთმანეთის იდენტურ ისტორიებს ყვებოდნენ ბანკთან მათი ურთიერთობის.
ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ პარლამენტის წევრი ქეთი თურაზაშვილი საპენსიო სესხებით დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად „ლიბერთი ბანკის“ ადგილობრივ ფილიალსაც ეწვია და დაზარალებული პენსიონერების განცხადებით მიმართა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ პენსიონერების დიდმა ნაწილმა ახლახან გაიგო, რომ ისეთი ტიპის სესხი აქვს დამტკიცებული, რომლის ძირიც პროცენტთან ერთად არ იფარება. ცნობისთვის, ე. წ. ოვერდრაფტებთან დაკავშირებით, საპარალამენტო ჯგუფს დაწყებული აქვს სამართლებრივი დავაც.
ავტორი