საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.
” არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება”,_ წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდზე გამოქვეყნებულ განჩინებაში.
განჩინებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
გარდა ამისა, განჩინებას დართული აქვს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
ინფორმაციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელებით პრეზიდენტი და ოპოზიცია 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა. სარჩელის ავტორების დავის საგანი ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევა იყო.