30.6 მილიარდ ევრო – ამ თანხას გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას მიმდინარე წლის განმავლობაში. გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროპული საბჭოს გუშინდელ საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც გვიან დასრულდა. გამოქვეყნდა, ასევე, უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამოქმედო გეგმა და ისიც, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპის თავდაცვის გაძლიერება.
გვიან ღამით ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და უკრაინაში ომის დასასრულებლად მზადყოფნა გამოთქვა.
“უკრაინა ყველაზე მეტად არის დაინტერესებული მშვიდობით” – ნათქვამია განცხადებაში. ზელენსკი, ასევე, ამბობს, რომ მომდევნო კვირას ის დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთში ვიზიტს აპირებს, რის შემდეგაც ოფიციალური კიევის წარმომადგენლები ქვეყანაში დარჩებიან და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად იმუშავებენ.
ომის დასრულებაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება.
































































