“ოცნების” ხმოსნების არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვაჟ-ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიული შედეგის მიღწევისა და აღნიშნული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობისთვის გადაეცათ.
„მსურს მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ისტორიული შედეგისთვის, რომელიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აჩვენეთ. ეს თქვენი შრომის, მიზანდასახულობისა და საკუთარი თავის რწმენის შედეგია.
მიმაჩნია, რომ სპორტში ყველაზე კარგად ჩანს ქართველი ადამიანის მტკიცე და შეუპოვარი ხასიათი – ის თვისებები, რომლებიც ყველაზე მეტად აძლიერებს ჩვენს ერს. ჩვენ უკვე არაერთხელ ვნახეთ და დავრწმუნდით, თუ როგორ შეუძლია თითოეულ გამარჯვებას ჩვენი საზოგადოების გაერთიანება, სიამაყითა და სიყვარულით ავსება.
მჯერა, თქვენი თავდაუზოგავი შრომით, სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის თანადგომით წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გელოდებათ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაახარებთ ქართველ გულშემატკივარს.
მინდა წარმატება გისურვოთ მომავალ ასპარეზობაში, რომელიც 13 მარტს გაიმართება. გახსოვდეთ, რომ მოედანზე გასვლისას თქვენს უკან დგას ქართველი გულშემატკივარი, რომლის სიყვარული და მხარდაჭერა აუცილებლად დაგეხმარებათ გამარჯვების მოპოვებაში,” – განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით მიხეილ ყაველაშვილმა.



































































