ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერი ეხმაურება BBC-ის გამოძიებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს.
„ჩვენც ახლახან გავიგეთ მედიისგან დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი იქნება. ასე რომ, ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“, – თქვა ანიტა ჰიპერმა.
BBC ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, ასევე ინფორმატორებს საქართველოს სპეცრაზმიდან და განაცხადა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება იმ ქიმიური აგენტის გამოყენება, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს. პირველი მსოფლიო ომის დროს „კამიტი“ საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ დოკუმენტაცია ძალზე მწირია, თუმცა მიიჩნევა, რომ ის 1930-იან წლებში ამოიღეს მოხმარებიდან, ვინაიდან მისი მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი შემაშფოთებელი იყო და ჩაანაცვლეს CS გაზით, იგივე ცრემლსადენი გაზით. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც ქართული სპეცრაზმის მიერ გამოყენებულ წყლის ჭავლში მოჰყვნენ, საუბრობდნენ სიმპტომებზე, რომლებიც ხანგრძლივად, ზოგიერთის შემთხვევაში რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა: თავის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, წვა, სუნთქვის გაძნელება და გულისრევა.
წყარო: პუბლიკა


































































