abc news-ის წამყვანი, რეიჩელ სკოტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო გამოცადა, როდესაც ალიანსს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„ეს ნატო-სთვის გამოცდა იყო. მე ისინი არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა მათი გამოცდა. მე ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა, თუ შემოგვიერთდებოდით, მათ კი მითხრეს: „კარგი, ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია“. მე ვუთხარი: „არა უშავს“. მე არც კი მიცდია მათი დარწმუნება. ალბათ მათ თქვეს: „ოჰ, ის საშინელი გამყიდველია“, რადგან მე მხოლოდ ის ვთქვი: „კარგი იქნებოდა, თუ მონაწილეობას მიიღებდით“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტელეწამყვანი წერს, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ნატო-ს კვლავ „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ალიანსის საერთოდ არ ეშინია.
„ეს ტესტის სახით გავაკეთე. არ მჭირდებოდა, არა? ისინი ქაღალდის ვეფხვი არიან. ქაღალდის ვეფხვი. მათ გემები არ აქვთ. მათ არაფერი აქვთ და პუტინს მათი საერთოდ არ ეშინია“, – განაცხადა მან.



































































