საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
მთავრობის მეთაურის ვიზიტის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაუკავშირდა. კითხვაზე, თუ რატომ იყო ირაკლი კობახიძის ჩამოსვლა ოზურგეთში გასაიდუმლოებული, პრესსამსახურში განაცხადეს:
„პრემიერ-მინისტრი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გორში, ფოთსა და ოზურგეთში იმყოფებოდა. ადგილზე სრული მედია იმყოფებოდა, დაგვხვდა ოზურგეთში და არაფერი არ ყოფილა დამალული“. (ალბათ სრულ მედიაში რუსთავი2, იმედი და პოსტტვ იგულისხმა. ავტ.)
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოზურგეთში ყოფნისას მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სასწავლებლების საგამოფენო სივრცეები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ინოვაციურ პროექტებს გაეცნო.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, ოზურგეთში შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, რომელსაც პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე 26 მაისი მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. მიმდინარეობს შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები, პროფესიული სასწავლო დაწესებულებებისა და ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ასევე საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. ტერიტორიაზე გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკაც. ოზურგეთში საზეიმო ღონისძიებებს გალაკონცერტი დაასრულებს.

































































