აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ევროკავშირის საელჩოების დღევანდელ განცხადებებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და აქციების კონტექსტში აფასებს “გურია ნიუსთან” პარტია „ახალის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერი, ბაჩო ახალაძე. მისი განცხადებით, პარტნიორების გზავნილები სცდება დიპლომატიურ თავაზიანობას და მას ორი მკაფიო ადრესატი ჰყავს.
„როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ღიად აცხადებს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას, ისინი რეალურად ადასტურებენ, რომ მიმდინარე კრიზისი აღარ აღიქმება მხოლოდ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებად. ეს უკვე დემოკრატიის, ინსტიტუციური თავისუფლებისა და ქვეყნის საგარეო კურსის საკითხია“, — აღნიშნავს ახალაძე.
ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, დასავლეთი ყოველთვის იქ დგას, სადაც მოქალაქეები სახელმწიფოსგან ანგარიშვალდებულებას, სამართლიანობას და დემოკრატიულ წესრიგს მოითხოვენ. შესაბამისად, ეს განცხადებები პირდაპირ აისახება ქუჩაში მყოფ საზოგადოებაზე.
„აქციაზე მყოფი ადამიანებისთვის ეს, ბუნებრივია, იმედის წყაროა — იმის განცდა, რომ თავისუფლების, ევროპული არჩევანისა და სამოქალაქო ღირსებისთვის ბრძოლა იზოლაციაში არ მიმდინარეობს. საერთაშორისო მხარდაჭერა საზოგადოებაში აძლიერებს რწმენას, რომ პროტესტს არა მხოლოდ მორალური, არამედ პოლიტიკური ლეგიტიმაციაც აქვს“,_ ამბობს ახალაძე.
მიუხედავად ამისა, ბაჩო ახალაძე ჩვენთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამავე დოკუმენტების მეორე და გაცილებით მძიმე შინაარსი უშუალოდ მმართველი გუნდისკენ არის მიმართული და პროპაგანდისტული ნარატივებით ამის გადაფარვა შეუძლებელია.
„ეს უკვე გაფრთხილებაა — მკაფიო სიგნალი, რომ დემოკრატიული უკუსვლა, პოლიტიკური რეპრესიები, ძალოვანი აპარატის გამოყენება განსხვავებული აზრის წინააღმდეგ და ქვეყნის ევროპული კურსის მიზანმიმართული დაზიანება ვეღარ დაიფარება პროპაგანდითა და შიდა საინფორმაციო კონტროლით. საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება თანდათან კარგავს დასავლეთის პოლიტიკურ ნდობას“, — აცხადებს ის.
„ახალის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიმდინარე პროცესებში ყველაზე საგანგაშო ტენდენციად ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის დემონიზებას მიიჩნევს, რაც მისი თქმით, კლასიკური ავტორიტარიზმის ნიშანია.
„ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს უკვე არა როგორც საზოგადოების ნაწილს, არამედ როგორც საფრთხეს, ისე უყურებს. ეს ავტორიტარული სისტემებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია, როდესაც პროტესტი აღიქმება არა დემოკრატიის ბუნებრივ მექანიზმად, არამედ მტრულ აქტად. ასეთ ვითარებაში დასავლეთის განცხადებები არის პოლიტიკური წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისა და ისტორიული შეცდომის საფრთხის წინაშე დააყენებს“,_ ამბობს ახალაძე.
ბაჩო ახალაძის შეფასებით, 26 მაისს პარტნიორებმა პოზიცია მაქსიმალურად გაამკაცრეს და ხელისუფლებას ალტერნატივა არ დაუტოვეს: „დღეს დასავლეთმა ძალიან მკაფიოდ თქვა: ქართველი ხალხი მარტო არ არის და ამავე დროს, ხელისუფლებასაც მკაფიოდ გააგონა — დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლას ფასი ექნება“.
წლევანდელ 26 მაისს საქართველო მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხვდება — დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონის მიღებას უკავშირდება, რასაც საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. სწორედ ამ პროტესტის პარალელურად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ევროკავშირის საელჩოებმა საგანგებო განცხადებები გაავრცელეს, სადაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას, ხოლო ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდეს.
წლევანდელ 26 მაისს საქართველო მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხვდება — უკვე ერთ წელზე მეტია, პარლამენტთან მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, სადაც ისინი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ. სწორედ ამ საპროტესტო მუხტის პარალელურად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ევროკავშირის საელჩოებმა საგანგებო განცხადებები გაავრცელეს, სადაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას, ხოლო ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდეს.
ავტორი

































































