შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში გურიის რეგიონში ოჯახის ძალადობის ფაქტებზე სულ 51 შემაკავებელი ორდერი გაიცა, რომლებშიც 93 პირი ფიგურირებს.
ოჯახში ძალადობის სტატისტიკა გურიაში
მონაცემები აჩვენებს, რომ რეგიონში ყველაზე გავრცელებული ფორმა ფსიქოლოგიური ძალადობაა.
გამოცემული ორდერების მიხედვით შემდეგ შემთხვევები დაფიქსირდა (შენიშვნა: ერთ შემთხვევაზე შესაძლოა რამდენიმე სახე გამოვლინდეს):
ფსიქოლოგიური ძალადობა _ 46 შემთხვევა;
ფიზიკური ძალადობა _ 21 შემთხვევა;
სექსუალური ძალადობა _ 1 შემთხვევა.
მსხვერპლთა და მოძალადეთა პროფილი:
მსხვერპლები: 44 ქალი (მათ შორის 3 არასრულწლოვანი) და 7 კაცი.
მოძალადეები: 42 ფიგურანტიდან 41 კაცია, ხოლო 1 _ ქალი.
მონაცემები აჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობისგან ყველაზე ხშირად 45 წელს გადაცილებული ქალები ზარალდებიან _ ამ ასაკობრივ ჯგუფზე მსხვერპლ ქალთა ნახევარი (22 შემთხვევა) მოდის. მოძალადე კაცების უმრავლესობა კი 25-დან 60 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ერთიანდება.
ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ჩაგვრის ფორმაა. იგი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული მოვლენაა.
ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ ან/და ახდენს არასრულწოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას.
მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც გამოსცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ასევე, არასრწულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესი უგულებელყოფილია ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის ფორმებია:
ფიზიკური ძალადობა _ ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, უკანონო თავისუფლების აღკვეთა ან ქმედება,რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.
ფსიქოლოგიური ძალადობა _ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა, პატივისა და ღირსების შელახვა.
სექსუალური ძალადობა _ სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.
ეკონომიკური ძალადობა _ საკვებითა და საცხოვრებლით სარგებლობის განზრახ შეზღუდვა, დასაქმების და თანასაკუთრებით სარგებლობის განზრახ შეზღუდვა.
იძულება _ ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავებაც მისი უფლებააანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა _ მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები
2026 წლის პირველ ნახევარში გურიის რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე სულ 3 შემაკავებელი ორდერი გაიცა, სადაც ჯამში 6 პირი ფიგურირებს _ 3 მსხვერპლი (ქალი) და 3 მოძალადე (კაცი). სამივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას.
ასაკობრივი განაწილება:
მსხვერპლები: 25-დან 44 წლამდე _ 2 ქალი; 45-დან 60 წლამდე _ 1 ქალი.
მოძალადეები: 25-დან 44 წლამდე _ 2 კაცი; 61 წელს ზემოთ ~_ 1 კაცი.
ცნობისთვის, გასული 6 თვის განმავლობაში სრულიად საქართველოს მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე სულ 478 შემაკავებელი ორდერია გამოცემული.
რეალურად რამდენად იცავს ეს მექანიზმი მსხვერპლს და რამდენად ხშირად ირღვევა ორდერის პირობები? ამ და საკითხის ირგვლივ არსებულ სხვა კითხვებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტს, ნატი გელოვანს ვესაუბრეთ.
— რეალურად რამდენად იცავს შემაკავებელი ორდერი მსხვერპლს?
— ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა თუ პროკურატურას არ განუცხადებიათ, რომ ელექტრომეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა პირმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია. თუ არ ვცდები, ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირმა დაარღვია ორდერი, თუმც, ამას მისი პასუხისგებაში მიცემა არ მოჰყოლია (საუბარია პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ხმაურიან საქმეზე. ყოფილი მეუღლე, სოფო სიგუა მას ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ელექტრომეთვალყურეობის პირობების დარღვევაში ამხელდა. მსხვერპლის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ორდერის ძალაში დატოვების საფუძველს იძლეოდა (მით უმეტეს, რომ დაწესებული იყო ელექტრონული ზედამხედველობა), ხოლო ორდერის დარღვევის ფაქტზე პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია. თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატის, თეონა გვაზავას ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გააუქმა იმ საფუძვლით, რომ ორი ინსტანციის სასამართლოში სიგუას მხრიდან ძალადობის ფაქტები არ დადასტურდა და ბრალდებები დაუსაბუთებელი იყო).
შემაკავებელი ორდერი ზოგადად იცავს მსხვერპლს, თუმცა, როდესაც მას არ ახლავს ელექტრომეთვალყურეობა, დარღვევის შემთხვევები მაინც არის. ამასთან, ერთიანი ანალიტიკური დოკუმენტი არც ერთ უწყებას არ გამოუქვეყნებია.
ოჯახში ძალადობის სტატისტიკის მიხედვით, თბილისი, ქართლი, აჭარა და კახეთი გამოირჩევა შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაღალი მაჩვენებლით, თუმცა, ეს ციფრები წლიდან წლამდე მცირდება. ჩვენ არ ვიცით, რისი ბრალია ეს შემცირება _ რეალურად იკლო ძალადობის ფაქტებმა, თუ ეს არასათანადო რეაგირებით არის გამოწვეული. იგივე სურათი გვაქვს არაოჯახის წევრი ქალების მიმართ ძალადობის შემთხვევებზეც: აქაც მაჩვენებელი შემცირებულია და გაურკვეველია, მართლა იკლო ქალთა მიმართ ძალადობამ თუ ამას სხვა საფუძვლები აქვს.
ჩვენს პრაქტიკაში არსებულ საქმეებზე, როდესაც სამართალდამცავებს მივმართავთ, ხშირად დიდი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს, რომ შემაკავებელი ორდერის შევსებასა და გამოცემას მივაღწიოთ. ერთ-ერთ საქმეზე ქალი მეზობელი მამაკაცების მხრიდან გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიური ძალადობის და შევიწროების მსხვერპლი იყო. ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებდა მსხვერპლის მონაყოლი, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და სხეულის ენა, როდესაც სავარაუდო მოძალადეთა კომუნიკაციას ს იხსენებდა. ასევე, არსებობდა ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანდა, რომ მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
— სტატისტიკით, ყველაზე გავრცელებული გურიაში ფსიქოლოგიური ძალადობაა. რამდენად რთულია ფსიქოლოგიური ძალადობის სამართლებრივად დამტკიცება და რა მტკიცებულებებია ამისთვის საჭირო პოლიციაში?
_ზოგადად, ფსიქოლოგიური ძალადობის დადასტურება მარტივი არ არის, თუმცა ამისთვის აუცილებელი არ არის ფსიქოლოგის ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ მსხვერპლმა ტანჯვა, ფსიქიკური ტკივილი განიცადა. მსხვერპლთან უნდა მოხდეს გასაუბრება და მისი გადმოცემულით მოხდეს შეფასება აქვს ადგილი ძალადობას თუ არა. ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირად გამოიხატება სიტყვიერ შეურაცხყოფაში მსხვერპლის გარეგნობასა თუ გონებრივ შესაძლებლობებზე, რაც იწვევს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
— როცა პოლიცია გამოსცემს შემაკავებელ ორდერს, რა სამართლებრივი ვალდებულება უჩნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ან სახელმწიფოს, რომ მსხვერპლს უფასო იურიდიული დახმარება ან თავშესაფარი გამოუყოს?
— თუ მოხდა ისე, რომ მსხვერპლს არ აქვს დასარჩენი ადგილი და მისი უსაფრთხოება დაცული არ არის, არსებობს სპეციალური თავშესაფრები. მათი მისამართი კონფიდენციალურია და მხოლოდ სამართალდამცავებისა და თავშესაფრის თანამშრომლებისთვისაა ცნობილი. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ ხდება მსხვერპლის თავშესაფარში გადაყვანა. თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ მსხვერპლს აქვს სხვადასხვა სერვისით (მაგალითად, ფსიქოლოგის კონსულტაციით) სარგებლობის უფლება. მუნიციპალიტეტს პირდაპირი ვალდებულება მსხვერპლთან მიმართებით ამ ნაწილში არ აქვს, თუმცა სახელმწიფო უწყებებს ეკისრებათ რეფერირების ვალდებულება — ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე შეატყობინონ სამართალდამცავებს.
— რა სპეციალური სამართლებრივი დაცვის მექანიზმები ამოქმედდება ხოლმე, როცა ოჯახში ძალადობის მოწმე ან მსხვერპლი ბავშვია?
— არასრულწლოვნების შემთხვევაში სახელმწიფოს ვალდებულება ორმაგდება. გვქონდა შემთხვევა, როდესაც დედა აიძულებდა შვილს ქორწინებას და არასრულწლოვანი მსხვერპლი თავშესაფარში გადავიყვანეთ. მსხვერპლი სულ თავშესაფარში ვერ იქნება, თუმცა ეს სრულად ფარავს იმ საჭიროებებს, რაც ძალადობისგან თავის დაღწევისა და განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილებისთვისაა აუცილებელი. არასრულწლოვანთან ურთიერთობას სჭირდება წარმომადგენელი — ის უნდა სარგებლობდეს კანონიერი ან საპროცესო წარმომადგენლობით. როდესაც მშობლები არიან მოძალადეები, ეს წარმომადგენელი შეიძლება იყოს არასრულწლოვნის ნდობით აღჭურვილი პირი ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი.
როგორც სახალხო დამცველის მიერ 2025 წლის ანგარიშში აღნიშნული, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქალთა მიმართ ძალადობისა და მისი ყველაზე მძიმე ფორმის _ ფემიციდის _ შემთხვევები.
„სამწუხაროდ, 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობისა და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახის წევრების მიერ იყო ჩადენილი. პროკურატურამ ფემიციდის 5, ხოლო ფემიციდის მცდელობა 8 შემთხვევაში გამოკვეთა.
მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა, კვლავ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა ქალის მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის პრევენცია ვერ მოხერხდა. გაანალიზებულმა საქმეებმა გამოავლინა ხარვეზები გამოძიების, რისკების შეფასების, დამცავი მექანიზმების გამოყენებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ფემიციდი დაკავშირებულია ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ და სტერეოტიპულ შეხედულებებთან, ასევე, სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობასთან. შესაბამისად, ფემიციდის პრევენცია საჭიროებს არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივ რეაგირებას, არამედ პრევენციული მექანიზმების, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაძლიერებას.
2025 წელს კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების დროული გამოვლენა, ეფექტიანი გამოძიება და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის უზრუნველყოფა. მიუხედავად სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და გადამზადებებისა, პრაქტიკაში კვლავ იკვეთება სირთულეები დანაშაულის მოტივის დროულ გამოვლენასა და სათანადო სამართლებრივ შეფასებაში“, _ წერია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ლევან იოსელიანმა პარლამენტში მიმდინარე წლის 23 ივნისს წარადგინა.
როგორც 112-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია: ძალადობა ყველას ეხება და მასთან ბრძოლის პასუხისმგებლობაც თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. ის აუცილებლად უნდა აღიკვეთოს და ამ პროცესში ყველა ადამიანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
თუ ძალადობას განიცდით:
დარეკეთ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე 112;
შეატყობინეთ უბნის ინსპექტორს/მართლწესრიგის ოფიცერს ან/და სასამართლოს;
მოითხოვეთ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემა;
კონსულტაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე _ 116006 (24/7). (შეგიძლიათ მოითხოვოთ ანონიმურობის დაცვა).
ავტორი

































































