სოციალურ ქსელში მოქალაქე სოფო მეგრელიშვილი ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ლანჩხუთში, სოფელ ახალსოფელშია გადაღებული და იქვე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატს, ია მოქიასაც მიმართავს: „ეგებ გვიშუამდგომლოთ ამ გზის შეკეთებაზე!“
„ეს არის ახალსოფლის სკოლამდე მისასვლელი გზის ერთი მონაკვეთი. წვიმის დროს ფაქტობრივად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება. აღარაფერს ვამბობ კალაპოტიდან გადმოსულ მდინარეზე, როდესაც ჩვეულებრივი წყალდიდობა იწყება და იტბორება მოსახლეობა! ია მოქია, ეგებ გვიშუამდგომლოთ ამ გზის შეკეთებაზე!“ _ წერს სოფო მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში, რომლის პოსტსა და ვიდეოს სხვა მოქალაქეებიც ეხმიანებიან:
„სერიოზულად მაინტერესებს, სოფლებში ეს მაჟორიტარები, გამგებლები, დეპუტატები საერთოდ რას აკეთებენ ან რა შედის მაგათ მოვალეობაში? სოფლის გამგებელს რატომ უნდა სჭირდებოდეს პოსტის მიძღვნა, რომ რაღაც გასაკეთებელია?! გაგიჟდები კაცი, რააა“;
„ნამდვილად მისახედია! წვიმის დროს, ყოველ ჯერზე, სამსახურშიც რომ გავიდე, ფაქტობრივად გადაადგილება შეუძლებელია. ხიდი ისე დიდდება, ვალინკითაც ვერ გადახვალ“;
„სოფელ ახალსოფელში, რკინიგზის გაყოლებაზე, ყოველი წვიმის დროს ასეთი მდგომარეობაა. ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. ძალიან ჭირს მანქანით გადაადგილებაც. ბევრჯერ მივმართეთ ადგილობრივ წარმომადგენლობას. მოხდა დაზიანებული ადგილების დასურათება და საბოლოოდ ამ სურათების მყარად შენახვა“.
































































