როგორ უნდა დაამტკიცოს ევროკავშირმა, რომ ის ქართველი ხალხის გვერდით დგას — მათ შორის აქ, გურიაში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის?_ ამ კითხვით პარტია „ახალის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერს, ბაჩო ახალაძეს მივმართეთ.
„ევროპული მხარდაჭერა მხოლოდ დიპლომატიური განცხადებების დონეზე ვერ დარჩება, მაშინ როცა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. როდესაც ხელისუფლება ევროპულ კრიტიკას „ფორმალურ განცხადებებად“ წარმოაჩენს, სწორედ აქ ჩნდება ევროკავშირის პასუხისმგებლობა აჩვენოს, რომ ევროპა მხოლოდ ღირებულებების დეკლარაცია კი არა, პოლიტიკური და სოციალური სოლიდარობის რეალური მექანიზმიცაა“, — აცხადებს ბაჩო ახალაძე.
მისივე თქმით, საჭიროა, რომ ფინანსური დახმარება აღარ გადიოდეს მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების გავლით და ევროპულმა ფონდებმა პირდაპირ დააფინანსონ მუნიციპალიტეტები, სამოქალაქო საზოგადოება და რეგიონული პროექტები – განსაკუთრებით გურიაში, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურ სიდუხჭირესა და მიგრაციას ყოველდღიურად ეჯახება:
„გურიაში ევროპა უნდა იგრძნობოდეს არა მხოლოდ დროშებითა და ლოზუნგებით, არამედ რეალური შესაძლებლობებით: თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პროგრამებით, მცირე ბიზნესის გრანტებით, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და გაცვლითი პროგრამების გაფართოებით, სოფლების ინტერნეტიზაციით, გზებისა და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებით. როდესაც მოქალაქე საკუთარ სოფელში დაინახავს, რომ ევროპული მხარდაჭერა მის ცხოვრებას აუმჯობესებს, სწორედ მაშინ იბადება ნამდვილი ევროპული ნდობა“, – აღნიშნავს ახალაძე.
მისი განცხადებით, ევროკავშირმა უფრო მკაფიო პოლიტიკური სიმტკიცეც უნდა აჩვენოს და დააწესოს მიზნობრივი სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე: „დღეს საკითხი ასე დგას: ევროპა მხოლოდ დამკვირვებელი იქნება თუ ქართველი ხალხის რეალური პარტნიორი“.
ინფორმაციისთვის, გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კვიპროსში განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის აშკარა რისკია და ევროკავშირის ინტერესებშია მათი გაყვანა, რაც პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებებში კვლავ განიხილება. ბრიუსელის ამ ინიციატივას მოსკოვიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, რომელმაც კალასის მოთხოვნას „იდიოტური განცხადება“ უწოდა.
ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორები და აღნიშნა, რომ „ევროპული ბიუროკრატია იდგა საპირისპირო მხარეს და უპირისპირდებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“. პრემიერმა მოუწოდა დასავლეთს, მხოლოდ განცხადებების ნაცვლად ქმედებით აჩვენონ ხალხის მხარდაჭერა.
ავტორი


































































