გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს ავღანეთში გლობალური ტერორისტული საფრთხის აღსაკვეთად და ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს.
„ინფორმაციას ვიღებთ ავღანეთში ადამიანის უფლებების მკაცრი შეზღუდვების შესახებ. მე განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ავღანელი ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების მზარდი დარღვევებით. ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა მივატოვოთ ავღანეთის ხალხი“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.