ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში, 9 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი „ECO Georgia-ს“ ფარგლებში განხორციელდა და მისი მთავარი მიზანი ტყის ხანძრების პრევენცია და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად მართვაა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, სატყეო გზების მოწესრიგება აუცილებელია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის.
გავრცელებული ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ 168 კილომეტრის სიგრძის სატყეო გზის მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება (20.2 კმ ახალი გზა მოეწყობა, ხოლო 147.8 კმ-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდება).
პროექტი „ECO.Georgia“ კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. გურიის გარდა, სამიზნე რეგიონებს მცხეთა-მთიანეთი და კახეთი წარმოადგენენ. პროექტს პარტნიორობას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უწევს.































































