ოზურგეთში მოზარდთა შორის გამართულ საჭადრაკო ჩემპიონატზე 9 წლის გაბრიელ სალუქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, 23-24 მაისს ოზურგეთის საჭადრაკო კლუბმა ღია მუნიციპალურ ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი 12, 14 და 16 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის, როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში გაიმართა.
ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ჩატარდა, სადაც თითოეულ სვლაზე მოჭადრაკეებს 15 წუთი და 10 წამი ეძლეოდათ.
აღსანიშნავია, რომ 9 წლის გაბრიელ სალუქვაძე ტურნირის ყველაზე უმცროსი მონაწილე იყო. მან უფროსი ასაკის მეტოქეები დაამარცხა, საპრიზო ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.






































































