საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება. უწყების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაწესებულებაში კინოთეატრი, ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედნები მოეწყობა.
დაგეგმილ სიახლეებს ადგილზე იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი პატარიძესთან ერთად გაეცნო. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული პროექტები მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს შეუწყობს ხელს:
„ახალი სივრცეების მოწყობა მსჯავრდებულთათვის დამატებით საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ შესაძლებლობებს შექმნის. ლაითურის დაწესებულება მცირე ზომის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი პირველი მოდელია საქართველოში, სადაც ქალი და კაცი მსჯავრდებულები ერთ სივრცეში, თუმცა ერთმანეთისგან სრულად იზოლირებულად არიან განთავსებული“, — აცხადებენ უწყებაში.
ამ დროისთვის მაღალი სტანდარტის დაწესებულებაში უკვე ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი“, იუსტიციის სახლი, თანამედროვე სამედიცინო ნაწილი და შშმ პირებზე ადაპტირებული პაემნების სივრცეები.






























































