დღეს, ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობლის საქმეზე აღკვეთის საკითხი განიხილა და ბრალდებული ისევ პატიმრობაში დატოვეს.
მზია ამაღლობელის ძმისშვილი, მარიამ ამაღლობელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობდა, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას ისევ არ მიიღებდა:
„დღევანდელი სხდომის დაწყებამდე არაერთ ადამიანს ეკავა პლაკატი, სადაც ეწერა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის პოლიციელმა მამამ, დავით გელაძემ 18 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასამართლომ იგი 15 000 ლარიანი გირაოთი გაუშვა, სილის გაწვნაზე კი მზია ამაღლობელი ისეც ციხეშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ სხდომაზე ისევ პატიმრობაში დატოვებს ნინო სახელაშვილი.
სილის გაწვმის გამო მზია ექვსი თვეა ზის ციხეში და ეს დიდი უსამართლობაა. რამდენად სამართლიანი არის „ქართული ოცნების“ სამართალი, ამას ყველა კარგად ხედავს.
ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე _ სხვა ბერკეტი არ გვაქვს.
მზია უსამართლოდ არის ციხეში და აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს“, _ გვითხრა მარიამ ამაღლობელმა.
ავტორი