ზედმეტ წონასთან და სიმსუქნესთან ბრძოლაში და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი ნიგოზი ან თხილი, – ცოტა ხნის წინ, ამ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის გულის დაავადებების ასოციაციის მეცნიერები, რომლებიც დიდი ხანია ამ მიმართულებით ატარებდნენ კვლევებს.
ექსპერტების მიერ მიღებული მონაცემების მიხედვით ყოველდღიურად 30 გრამი კაკლეულის მიღება არათუ ნეგატიურად აისახება ჩვენს ფიგურაზე, არამედ დაგვეხმარება ზედმეტ წონასთან ბრძოლაში.
თუ ჩვენ ყოველდღიური რაციონში წითელი ხორცის, კარტოფილი ფრის, დესერტის ან სხვა რომელიმე პროდუქტის ამ განსაზღვულ რაოდენობას ნიგვზით ან თხილით ჩავანაცვლებთ, საგრძნობლად გაგვიადვილდება ჭარბ წონასთან ბრძოლა და მასთან ერთად შემცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები ინტენსიურად იწყებენ წონაში მატებას. ეს მატება წელიწადში საშუალოდ შეადგენს 450 გრამს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ციფრია, მაგრამ თუ მას გავამრავლებთ 20 წელზე, საკმაოდ სოლიდურ ზედმეტ წონას მივიღებთ.
ამერიკელი მეცნიერების კვლევაში მონაწილეობა მიიღო 126 ათასმა სხვადასხვა ასაკის ქალმა და მამაკაცმა, რომლებსაც არ აწუხებდათ არანაირი ქრონიკული დაავადება. საცდელი ადამიანები წელიწადში ოთხჯერ პასუხობდნენ კითხვაზე, თუ რა სიხშირით და რა რაოდენობით იღებდნენ თავიანთ რაციონში კაკლეულს.