მას შემდეგ, რაც პაატა კუნჭულიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა, ოზურგეთში მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო — თანამდებობებსა და სამსახურებს, ფაქტობრივად, მისი კადრებიც ტოვებენ.
ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას ბექა ჩხიკვიშვილი ასრულებს, რომელიც მანამდე მერის პირველი მოადგილე იყო.
რამდენიმე დღის წინ „გურია ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ჩხიკვიშვილის მოადგილედ გია ანთაძე დაინიშნოს. გია ანთაძე ამ ეტაპზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილეა.
„შემიძლია გითხრათ, რომ გია ანთაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილეა და ის ამჟამადაც ადგილზე იმყოფება“, — განუცხადა „გურია ნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლია ზურებიანმა.
თავად გია ანთაძეს „გურია ნიუსი“ ორი დღის წინ ესაუბრა, თუმცა მან აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
ადგილობრივ მედიასა და საზოგადოებაში აქტიურად განიხილება ვერსია, რომ „ქართული ოცნება“ გია ანთაძეს, სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამზადებს და სწორედ ამიტომ, ის უახლოეს მომავალში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გადმოინაცვლებს.




































































