„ბოლოს ასეთი ბლოკპოსტი საქართველოს ტერიტორიაზე, ასლან აბაშიძეს ჰქონდა მოწყობილი, აჭარის შესასვლელში. ახლა აგერ ჩოხატაურის ხელმძღვანელობასაც დაუყენებია ბახმაროს შესასვლელში იმ მოტივით, რომ უკანონო მშენებლობას აკრძალავს“, _ ასეთი სახის ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა, დავით მჟავანაძემ დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„უკანონო მშენებლობის აღკვეთის რა გითხრათ და უკანონოდ ფულის კეთების და კორუფციის ახალი კერა რომ გაaჩინეს, ეს კი ვიცი.
ამ ბლოკპოსტის მიღმა სპეციალური ნებართვის გარეშე სამშენებლო მასალების შეტანა რომ აკრძალულია, ამ გადაწყვეტილების კანონიერება სამართლებრივი თვალსაზრისით ცალკე საკითხია“, _ წერს მჟავანაძე.
„გურია ნიუსი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს დაბა ბახმაროში რევაზ ოსეფაიშვილს დაუკავშირდა:
„მსგავსი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. დეტალების გასაგებად მიმართეთ პრესსამსახურს“, _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას რევაზ ოსეფაიშვილმა.
„გურია ნიუსმა“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში სცადა დეტალების გარკვევა, მაგრამ იქ ამ ეტაპზე ჩვენს ზარს არ უპასუხეს. შემდეგ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ბიძინა ცინცაძესთან ვცადეთ დეტალების გარკვევა _ მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, თუმცა, რამდენიმე წუთში თავად დაგვიკავშირდა და როცა გაიგო, ვინ ვიყავით და რა საკითხზე ვრეკავდით, გვიპასუხა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა და მოგვიანებით დავკავშირებოდით.
დავით მჟავანაძის განცხადებაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია და ცნობილი არაა, კონკრეტულად რას ემსახურება დაბა ბახმაროში ბლოკპოსტის განთავსება.
„გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით აგრძელებს მუშაობას და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ავტორი































































