არ წარმომიდგენია, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე „გირჩიდან“ წავიდეს და კიდევ უფრო არ წარმომიდგენია, რომ ზურამ თქვას თქვენ წადით, მე აქ ვრჩებიო, ტექნიკურად წარმოუდგენელი რაღაცაა. მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების შესახებ ორი დღის წინ იცოდა, _ ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძის თანაპარტიელმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
„მიზეზი არ ვიცით, თვითონაც თქვა, რომ მიზეზს არ დაასახელებს და ადრე თუ გვიან, უნდა გავიგოთ. მე არ მახსოვს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კამათი ყოფილიყო. კამათი ჩვენთან ყოველთვის არის, რაზე არ გვიკამათია, „გირჩში“ ვართ ბოლოს და ბოლოს. ბოლო დღეებში არაფერი ხდებოდა. აი, გუშინაც, მე, ზურა და ვახო ერთად ვისხედით ოპოზიიციის შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. კონფლიქტი ბოლო დღეებში არ გვქონია.
წარმოუდგენელია იაგოს განცხადება ყოფილიყო ამის მიზეზი, ვერასდროს დავიჯერებ ამას. თვითონაც არ ამბობს. მე ვიცი, რომ ორშაბათს საღამოს ულტიმატუმი წაგვიყენა, იაგოს უფრო დიდწილად, რომ პარტიის მართვას ჩამოსცილებოდა. ჩვენ გარკვეულ თემებზე არსაუბრის ცენზურა არ გვქონდა, რა თქმა უნდა, “გირჩში” ეს წარმოუდგენელი ქცევაა. თავიდან ეს ხუმრობად აღვიქვით. მეორე დღეს ანუ გუშინ ვსაუბრობდით ერთად ოპოზიციასთან და საღამოს უკვე აღვიქვით, რომ ეს აღარ იყო ხუმრობა. ვერ გავიგე, რას ნიშნავს მისი ეს განცხადება, მიდის, ჩვენ გვაგდებს თუ რას ნიშნავს, არ ვიცი. ორი დღე დავხარჯეთ მიზეზის გასარკვევად და ვერ გავარკვიეთ და არც ვერსია მაქვს. ზურა გირჩი ჯაფარიძე “გირჩიდან” რომ გავიდეს, ჩემთვის ცოტა უცნაური იქნება“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა.
თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა.