თამბაქოს მოხმარება 21-ე საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ერთ-ერთი პრობლემაა, რის შედეგადაც წელიწადში 11 000 ადამიანი იღუპება.
როგორც ცნობილია, პარლამენტმა ამ დღეებში უნდა იმსჯელოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დახურულ შენობებში მოწევის ამკრძალავ კანონპროექტზე, რომლის ავტორიც თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები, ხოლო ინიციატორი დეპუტატი გუგული მაღრაძეა.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა რას ფიქრობს საზოგადოება, უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დახურულ შენობებში, რის გასარკვევადაც თბილისის ქუჩებში შემთხვევითი შერჩევით მოქალაქეები გამოიკითხა.
თბილისის მცხოვრები ხათუნა იოსელიანი მიიჩნევს, რომ მოწევის აკრძალვის შემთხვევაში მწეველთა უფლებები დაირღვევა.
„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა არ უნდა აიკრძალოს, რადგან მწეველთა უფლებები დაირღვევა“,_ ამბობს იოსელიანი.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ნიკოლოზ პაპიაშვილს, რომლის თქმითაც, სიგარეტის კვამლი ადამიანებს ვნებს.
„უნდა აიკრძალოს, იმიტომ რომ, არა მწეველ ადამიანებს სიგარეტის კვამლი ვნებს“,_ამბობს პაპიაშვილი.
ლიანა კვანტალიანის აზრით კი, მწეველებისთვის საჯარო დაწესებულებებში ცალკე ზონა უნდა გამოიყოს.
„სიგარეტი საერთოდ უნდა აიკრძალოს, მაგრამ რაკი ხალხი ეწევა, სპეციალური ადგილები უნდა გამოიყოს მათთვის, რომ სიგარეტის სუნით სხვები არ შეაწუხონ“, ამბობს კვანტალიანი.
მსგავსი მოსაზრება აქვს მარიამ ცანავასაც, რომელიც „გურია ნიუსთან“ საუბრისას საქართველოში არსებულ მდგომარეობას, სხვადასხვა ქვეყნებს ადარებს.
„უნდა გაკეთდეს მწეველთა და არა მწეველთა ზონები, ისე როგორც საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაშია. არ ვთვლი, რომ ქუჩაში უნდა აიკრძალოს მოწევა, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ნამწვს ურნაში არ აგდებს, მაგრამ რესტორანში თუ სიგარეტის მოწევა აიკრძალება რესტორნების მეპატრონე ბიზნესმენებს შემოსავალი შეუმცირდებათ და საერთოდაც, მსგავსი კვების ობიექტები დაიკეტება. თუმცა კაფე-ბარებისა და რესტორნების სპეციალურ ზონებად დაყოფა დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მწეველების დარბაზში ვინტილაცია უნდა გაკეთდეს. ასევე მატარებელში. იტალია არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მწეველი და არა მწეველი ადამიანები ცალკ-ცალკე ვაგონებით მგზავრობენ. შესაბამისად, არავის უფლება არ ირღვევა. დისკომფორტი ადამიანმა არავის გამო არ უნდა იგრძნო, თუ თავისუფლები ვართ“,_ ამბობს ცანავა.
კიდევ ერთი გამოკითხული, გიორგი სინაურიძე კი მიიჩნევს, რომ მწეველთა და არა მწეველთა ზონები უნდა შეიქმნას.
„მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ უნდა აიკრძალოს. რესტორნებსა და კაფეებში უნფა შეიქმნას მწეველთა და არამწეველთა ზონები“,_ ამბობს სინაურიძე.
როგორც დარეჯან პაპავა ამბობს, მოწევა საერთოდ უნდა აიკრძალოს.
„სიგარეტის ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეში მოწევა უნდა აიკრძალოს“,_ ამბობს დარეჯანი.
სიგარეტის სუნით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს ნინო წულაძე.
„მოწევა უნდა აიკრძალოს, რადგან არამწეველები წუხდებიან სუნით,მაგალითად მე სუნთქვა მიჭირს და ცრემლდენა მეწყება“,_ ამბობს წულაძე.
ვაჟა სუხიშვილის თქმით კი, სიგარეტის გაყიდვაც უნდა აიკრძალოს.
„მოწევა მავნებელია და უნდა აიკრძალოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს სახლთან ახლოს არის სკოლა, სადაც საკმაოდ პატარა ასაკის მოსწავლეები დგებიან სკოლასთან და ეწევიან. უკვე სკოლის ხელმძღვანელობასაც აღარ ერიდებიან. მასწავლებლები კი ხმას არ იღებენ მაშინ, როცა მათ აღზრდაზე უნდა ზრუნავდნენ. კარგი იქნება სიგარეტის გაყიდვას თუ აკრძალავენ“,_ ამბობს სუხიშვილი.
თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს გიორგი ქისიშვილს, მისი თქმით, მოწევა არ უნდა აიკრძალოს.
„მოწევა არ უნდა აიკრძალოს. აბა, თუ არ უნდა მოწიონ ადამიანებმა მაშინ სიგარეტიც უნდა აიკრძალოს“,_ ამბობს ქისიშივილი.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ამის შესახებ მოგვიანებით გადება ცნობილი. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობა საგაზაფხულო სესიაზე უნდა დამტკიცდეს.
ამავე თემაზე:
პარლამენტში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმირებაზე მსჯელობენ
უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში