ქალბატონ სესილია თაყაიშვილს ოლღა ბებიის როლის შესრულების შემდეგ „სრულიად საქართველოს ბებიის“ სახელი მიენიჭა.
მსახიობებს ზოგჯერ უარყოფითი პერსონაჟების განსახიერება უწევთ. სესილიასთვის ასეთი ასინეთას როლი აღმოჩნდა. მან თავადვე შექმნა ასინეთას გარეგნული სახე ფილმში „დათა თუთაშხია“. ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ სცენარი გასაცნობად რომ მიუტანა და მეორე დღეს პასუხის მოსასმენად სახლში ესტუმრა, მსახიობი ოთახიდან იმ ტანსაცმლით შემოსილი გამოვიდა, რომელშიც შემდეგ მაყურებელმა ასინეთას როლში იხილა – შვილიშვილის ქურთუკის ჟილეტით, თავწაკრული, და „ჩესტი“ აუღო რეჟისორს.
ერთხელაც ქალბატონმა სესილიამ ასინეთასთან დაკავშირებით ერთი მოხუცი ქალისგან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო: „ისე მძიმედ გავხდი ავად, ჩემი მორჩენის იმედი არავის ჰქონდა. შეჭირვებულ გუნებაზე რატომღაც ძალიან მომინდა სარკეში ჩამეხედა და უკანასკნელად შემევლო თვალი საკუთარი სახისათვის. სარკეში ჩემი თავი რომ დავინახე, ჭრელი ხილაბანდით თავწაკრული, დაუვარცხნელი თმებით, ლოყებჩაცვენილი – შევცბუნდი. მერე უცებ სიცილი ამიტყდა: მთლად იმ სასიკვდილე ასინეთას არ ვგავარ-მეთქი?!
შვილები შიშით შემომცქეროდნენ, ხომ არ გაგიჟდაო, მერე იმათაც აუტყდათ სიცილი. მოკლედ, მეორე დღეს „წამოვფრინდი“ ლოგინიდან. ახლა კარგად და საღსალამათად რომ ვარ, თქვენი დამსახურებაა და ამისთვის დიდ მადლობას უხდიდა „მის გადამრჩენელს“.
სესილიამ ამ ქალს ასინეთას როლში გადაღებული სურათი გაუგზავნა და თან მისწერა: როცა თავს ცუდად იგრძნობ, ბარემ ამ სურათს დახედე, იცინე და იცოცხლე, რამდენ ხანსაც გინდაო.
როდესაც სესილიამ სპექტაკლში – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ ითამაშა, ის მართლა საყოველთაო ბებია გახდა. ხალხს ოჯახებში სესილიას სურათი ეკიდა, როგორც საკუთარი ბებიისა.
იმ პერიოდში საქართველოში ჩამოსული იყო ფრანგი რეჟისორი და სპექტაკლი რომ ნახა, თქვა: ეს თქვენი ბებია არ არის, ბებიაჩემია, ახლაც ცოცხალია, პროვანსში ცხოვრობსო… ანუ მიიღო, როგორც ფრანგი ბებია. სესილია მაშინ 53 წლის იყო. იმ რეჟისორმა სესილიას სპექტაკლის შემდეგ დაუჩოქა და კაბის კალთაზე ემთხვია.
სხვათა შორის, ცნობილმა რეჟისორმა გიორგი ტოვსტონოგოვმა, რომელიც რუსულ თეატრში მუშაობდა, გადაწყვიტა, ლენინგრადში დაედგა სპექტაკლი. დადგა და სესილიას მოსწერა, ჩამოდით, ჩვენს სპექტაკლში ითამაშეთ ბებიას როლიო. სესილიამ კატეგორიული უარი შეუთვალა: რუსულად ვერ ვითამაშებო. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მშობლიურ ენასავით იცოდა, ვერ შეძლო ამ როლის თამაში. მაშინ ტოვსტონოგოვმა მოსწერა, ლონდონში მივდივარ გასტროლებზე, სპექტაკლი მიგვაქვს, წამოდით და ქართულად ითამაშეთო. მაინც უარი შეუთვალა სესილიამ. – „რა ვქნა, ილიკომ რომ მითხრას „ზდრავსტვუი, ოლგა“, გავიქცევი სცენიდანო“. საოცარი ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი მსახიობი.




































































