ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი, შესაძლოა, ერთადერთია მსოფლიოში, ვინც აშშ-ის პრეზიდენტი მრავალი ადამიანის წინაშე სასტიკად გაასილაქა და ეს ქმედება დაუსჯელი დარჩა. რასაკვირველია, რეალურ ცხოვრებაში მსახიობს ამერიკის პირველ პირთან საჩხუბრად არავინ მიუშვებდა, მაგრამ კინოსამყაროში ხომ ყველაფერი შესაძლებელია.
გახმაურებულ მხატვრულ ფილმში „პრეზიდენტის თვითმფრინავი“ (Air Force One), უჩანეიშვილი ერთ-ერთი საერთაშორისო ტერორისტის როლს ასრულებდა, ხოლო პრეზიდენტს ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჰარისონ ფორდი ასახიერებდა.
სურათში არის ერთი დამამახსოვრებელი და დაძაბული ეპიზოდი: „ტერორისტი“ ლევანი თმაში სწვდება „პრეზიდენტ“ ჰარისონს და თავს რამდენჯერმე მიარტყმევინებს კედელზე. რასაკვირველია, ქართველ მსახიობს თავდაპირველად ძალიან ეუხერხულა ლეგენდარული და მასზე უფროსი კოლეგის თმებით თრევა. ეს მალე თავად ფორდმაც შეამჩნია და უჩანეიშვილი გაამხნევა: „რისი გერიდება, მიდი, ცოტა თამამად იმოქმედეო“.
ამ სიტყვების შემდეგ ქართველმა მსახიობმა იმდენად რეალისტურად ითამაშა, რომ შედეგი ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის ცოტათი მტკივნეულიც კი აღმოჩნდა — „პრეზიდენტი“ გადასაღებ მოედანზე რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ მოზრდილი ჩაქცევით (სისხლჩაქცევით) დადიოდა.




































































