“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმედს გამოთქვამს, რომ ოფიციალურ თბილისთან ვაშინგტონის ბოლოდროინდელი კომუნიკაციის შედეგად შეიცვლება არა მხოლოდ ამერიკულ-ქართული ურთიერთობები, არამედ თბილისის „ქცევა“.
3 ივნისს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ერთ-ერთი შეკითხვა დაუსვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
უილსონმა საქართველოს ხელისუფლება აღწერა, როგორც „პრო-ირანული რეჟიმი, რომელიც მხარდაჭერილია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ“ და „არალეგიტიმურია და საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას“.
კითხვაზე პასუხად მარკო რუბიომ განაცხადა:
„მართალი ხართ“, – მიმართა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენ უილსონს: „ყველაფერი, რაც თქვენ აღწერეთ, ჩვენ უკვე გვაშფოთებდა“.
„მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რაც მიანიშნებს, რომ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ ავუხსენით, თუ რას მოითხოვდა ეს, რა იქნებოდა ამისთვის საჭირო.
მივიღეთ გარკვეული დადებითი გამოხმაურება და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში ტრაექტორიის შეცვლას დავინახავთ არსებული მდგომარეობიდან“, – განაცხადა მან.




































































