რუსეთი საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებთან. ამის შესახებ “პუბლიკას” ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გავრცელდა.
რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, აუცილებელია პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამ კონტექსტში მოსკოვი საქართველოსა და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობს.
„რუსული მხარემ დაჟინებით მოუწოდებს, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მყარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავებაზე.
ასეთი შეთანხმების გაფორმება არა მხოლოდ მნიშვნელოვან იმპულსს მისცემდა ჟენევის დისკუსიების ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებს, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი იქნებოდა მთლიანად რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებაში“, – აცხადებს რუსული საგარეო უწყება.
ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შეხვედრების დასრულების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა თქვა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ხელს საქართველო უშლის.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
საქართველოს თავდაუსხმელობის ვალდებულება წლებია, აღებული აქვს, ცალმხრივად, მათ შორის გაეროსა და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წინაშე, როცა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
თუმცა რუსეთი ცდილობს, კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აქციოს, ხოლო თავად ეს სტატუსი მოიხსნას. ქართული მხარისთვის ეს ინიციატივა მიუღებელია

































































