ოზურგეთში, ფერიცვალობის წინ, მოელოდნენ, რომ თხილის ფასი უარესობისკენ შეიცვლებოდა, თუმცა, ბოლო ხუთი დღეა, ფასს არ დაუკლია. ერთი კილოგრამი „გულშიშველა“ 3.00 ლარი ღირს, ხოლო ერთი კილოგრამი „ბერძნულა“ — 3.20 ლარი.
თხილის მიმღებ პუნქტებთან ადგილობრივები კმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სადღესასწაულოდ თხილს ფასი არ დაუწიეს.
– ჯერ არ გვახსოვს, საფერიცვალებოდ თუ სამარიამობოდ თხილის ფასი არ დაეგდოთ. რა თქმა უნდა, ეს სულ განზრახ ხდებოდა. ამიტომ გვიკვირს, თორემ ეს ფასი დიდად სახარბიელო მაინც არ არის, – გვითხრეს ლიხაურელმა ქალბატონებმა, რომლებმაც თხილი დილით ადრე ჩააბარეს.
იმავე ქალბატონების თქმით, ამ ფასს დიდხანს არ შეარგებენ: „სასკოლოდ, სწავლა რომ დაიწყება, მაინც დაუკლებენ“.
თხილის მიმღები ოპერატორები არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას, თუმცა თავადაც არასანდო პასუხს იძლევიან: „რა ვიცით, რა იქნება. ჩვენთვის არავის უთქვამს და ესენი წინასწარ ბუსავით თვალებს რატომ ითხრიან?!“
ავტორი

































































