სენაკში, მერიის შენობაში, აქტივისტი აპოლონ გარუჩავა პროტესტს აგრძელებს. ის ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ბიზნესის მიზანმიმართულ ბლოკირებაში ადანაშაულებს.
გარუჩავა რამდენიმე დღის განმავლობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული გახდა, ეს ფორმა შეეწყვიტა, მაგრამ პროტესტს მაინც აგრძელებს. აქტივისტს ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც დასჭირდა. გარუჩავას განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურები სამ სხვადასხვა ობიექტზე მშენებლობის ნებართვას არ აძლევენ, რის გამოც მას უკვე 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმები დააკისრეს.
როგორც მეწარმე ამბობს, იგი წელიწადზე მეტია, უშედეგოდ ელოდება დოკუმენტაციას მენჯში მდებარე ობიექტზე, დადიანის ქუჩაზე (რესტორნის გვერდით) მიწის ნაკვეთზე ღობის მშენებლობისთვის და ჭავჭავაძის ქუჩის №141-ში.
აქტივისტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს კი, კანონის დარღვევით, უსაბუთოდ მშენებლობის უფლებას აძლევენ. შექმნილი ვითარების გამო მას, როგორც მეწარმეს, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ ეძლევა.
გარუჩავას განმარტებით, პრობლემის შესახებ პირადად იციან სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მისმა მოადგილემ, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. კონკრეტულად, მას ერთ ობიექტზე 4 000 ლარის, მეორეზე – 10 000 ლარის, ხოლო მესამეზე 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
„გურია ნიუსმა“ სენაკის მერს, ვახტანგ გადელიას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. გამოცემა მერიისგან ითხოვს განმარტებას, თუ რა მიზეზით შეფერხდა მოთხოვნილი ნებართვების გაცემა, რა სამართლებრივი საფუძვლით დაეკისრა მეწარმეს ჯარიმები და რამდენად შეესაბამება სიმართლეს პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ ბრალდებები. სენაკის მერიიდან პასუხს „გურია ნიუსი“ ამ დრომდე ელოდება. უწყების კომენტარი მიღებისთანავე სრულად და უცვლელად გამოქვეყნდება.

































































