საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს განათლების სფეროში თანამშრომლობაზე, გელათის რეაბილიტაციასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
სტუმარმა მის უწმინდესობას დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ისა და ანგლიკანური ეკლესიის მეთაურის მილოცვა გადასცა კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებასთან დაკავშირებით. ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო და ხაზი გაუსვა მის უდიდეს ავტორიტეტს.
კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ელჩი თავისუფლად ფლობს ქართულ ენას, რაც ქართული კულტურისადმი დიდი პატივისცემის გამოხატულებაა.
საუბარი შეეხო საჯარო სკოლებში სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობით დანერგილ „ღირებულებითი განათლების“ პროგრამას, რომელიც ბრიტანულ პრაქტიკასაც ეყრდნობა. აღინიშნა, რომ სასულიერო პირების მონაწილეობით მიმდინარე ეს პროგრამა ახალგაზრდების ზნეობრივ და მოქალაქეობრივ აღზრდას ისახავს მიზნად.
კათოლიკოს-პატრიარქმა ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენის პროცესში ბრიტანელი მეცნიერებისა და სპეციალისტების ჩართულობისთვის. ელჩმა დაადასტურა მზაობა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც საპატრიარქო სპეციალურ ღონისძიებებს გეგმავს.




































































