საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოეს.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებითა და გიორგი ხაბეიშვილის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო.
საპატიო ჩოხატაურელის წოდება მიენიჭა ელისო ბოლქვაძეს.
„ამ დღეს ბევრი ადამიანი შეეწირა და ალბათ კიდევ ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის“,_ განაცხადა ელისო ბოლქვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
საპატიო ჩოხატაურელი გახდა ასევე მწერალთა სახლის ხელმძღვანელი და პარლამენტარი ქეთევან დუმბაძე.
მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „გურიაში არ გავზრდილვარ, მაგრამ მამაჩემმა, ნოდარმა მოახერხა, რომ ჩემში ყოველი უჯრედი და ყოველი წვეთი სისხლისა ჩემში არის გურული და ჩოხატაურული“.
საპატიო ჩოხატაურელი გახდა ასევე ისტორიკოსი გია ჩხიკვიშვილი.
ღონისძიებაზე სიგელები გადაეცათ ასევე რუსუდან ბერიშვილს, ლევან მეგრელიშვილს, გოჩა ჯინჭარაძეს, ვასილ ბუბუტეიშვილს, სულიკო კალანდაძეს, დეზდემონა ლომინეიშვილს, ლილი ჩხაიძეს, ავთანდილ მახარაძეს, ელგუჯა მგელაძეს, ქეთევან მინდაძეს.
დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ღურჯუმელიძე და დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
ამას გარდა, გიორგი ღურჯუმელიძემ სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მცხოვრებლებს.
„განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე სამაჩაბლოში და აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს, ჩვენ მალე ერთად ავღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“,_ განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.
დაჯილდოების ღონისძიებას სხვადასხვა შემსრულებლების შესრულებით მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები აფორმებდა.