ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა. სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება საყოველთაო მსჯელობის საგანი გახდა. საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი სახალხო დამცველის ანგარიში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ხისტი მიდგომა საკუთარი მოქალაქეების მიმართ მიუღებელია.
პარლამენტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ამ კუთხით, გურია განსაკუთრებით გამოჰყო.
_ გურიიდან ბევრი მოქალაქე მაკითხავს, მათთან მაქვს სატელეფონო კონტაქტებიც. მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს რეგიონების მიმართ, განსაკუთრებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და საერთოდ, გურიაში, განსაკუთრებულ მწვავე შეფასებას იმსახურებს. საპროცესო შეთანხმებებით “კვაზი” საკანონმდებლო ნორმები, გამოიყენება არაადეკვატურად იმ დანაშაულთა ჩამდენი პირების მიმართ, რომლებიც მასობრივად ეძლევიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
_ რა გაძლევთ ასეთი განცხადებების საფუძველს?
_ გურიაში მქონდა შეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან _ აბსურდული ბრალდებებით არაერთი ადამიანი დააკავეს. ყველაზე სპეციფიკურია ხულიგნობასთან დაკავშირებული ფაქტები. ნარკოტიკებთან მიმართებაში, გურიის რეგიონში ხშირია კურიოზული სასამართლო პროცესები, რომლებიც საბოლოოო შედეგით არ არის გამომხატველი იმ კონსტიტუციური გარანტიებისა, რომლის თანახმად, საბოლოო განაჩენი უნდა დგებოდეს ეჭვისგამომრიცხავი, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამის მიზეზი იმ სისხლის სამართლის პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებთან უნდა ვეძებოთ, რომლებიც საქართველოს მთავარი პროკურატურიდან საზღვრავენ ძირითად მიმართულებებს.
_ რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში?
_ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში განხილულია, როგორც ადამიანის სამოქალაქო უფლებები, ასევე სოციალ-ეკონომიკური ვითარება. ერთი წელია, რაც სახალხო დამცველს მიენიჭა წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის გამოყენების უფლება, რაც ითვალისწინებს პენიტენციალურ სისტემაში კონკრეტული წამების გამოვლინებას. პიტიმრების მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტები, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, ხოლო პატიმართა რაოდენობამ აბსოლუტურ რეკორდს გადააჭარბა. ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ სასჯელთაღსრულების და პრობაციის იურიდიული დახმარების ვებ-გვერდზე აღარ ქვეყნდება პატიმართა რაოდენობის წლიური მონაცემები. რატომ არ უნდა ხელისუფლებას ამ სტატისტიკის გახმაურება?! იმიტომ ხომ არა, რომ, შეიძლება, ხვალ ამ ციფრების სიყალბის ფაქტი გამომჟღავნდეს? ერთადერთი, რაც დადასტურებულია, არის ლიმიტის რაოდენობა _ 19 საპატიმროში ლიმიტი შეადგენს 23 720 ადგილს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამ დაწესებულებებიდან რვაში არის გადატვირთულობის პრობლემა. მინისტრი ხათუნა კალმახელიძე გვარწმუნებს, ახალი ციხეები ევროპის სტანდარტებთან არის გათანაბრებულიო, მაგრამ ამ მოსაზრებას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები _ ევროპული სტანდარტის მიხედვით, თითო პატიმარზე 4 კვადრატული მეტრი ფართობია გათვალისწინებული, ჩვენთან კი 2 კვადრატულ მეტრზე რამდენიმე პატიმარია.
_ კონკრეტულად, რა დარღვევას გამოჰყოფდით სახალხო დამცველის ანგარიშიდან?
_ ყველაზე მთავარი დანაშაულია სისტემაში გარდაცვლილ პირთა ხელოვნური შემცირება. მათი რიცხვი 142-ია. გარდა ამისა, ყოველ მესამე პატიმარს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ციფრები შეიძლება 200-მდე გაიზარდოს, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რა გაუსაძლის მდგომარეობაში არიან საპატიმროში მოხვედრილი ადამიანები. გაზვიადებული არ არის ის ფაქტი, რომ გლდანის მერვე საპყრობილეში ადამიანებს სცემენ გადაჭრილი შლანგებით; ასეული მსჯავრდებული მიუთითებს, თუ როგორ იყენებს ციხის ადმინისტრაცია დასჯის ერთი და იგივე მეთოდებს. ასეთი მოპყრობა ერთგვარი ტესტია გამძლეობაზე _ თუ რომელიმე პატიმარი შეეპასუხება, მას განსაკუთრებით უსწორდებიან.
_ არის ეს ნულოვანი ტოლერანტობის შედეგი?
_ რა თქმა უნდა! მოწოდება ნულოვანი ტოლერანტულობისკენ არის პირდაპირი გზავნილი მოსამართლეების მიმართ, რომ მართლმსაჯულება და სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს შეუბრალებელი. ამის შედეგია ის, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამებასთან, ხშირია აღიარებითი ჩვენებები და საპროცესო შეთანხმების დროს საკუთარი ნების გამოხატვა, როდესაც ეთანხმები ბრალს და პროკურატურას მიჰყვები სასჯელის პირობის განსაზღვრისკენ.
_ რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ამ ყველაფრის აღსაკვეთად საკანონმდებლო ორგანო?
_ მთავარია, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები აყვანილი იქნას პოლიტიკის უმაღლეს რანგში. ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს პატიმრები სოციალური კორუფციის სქემის გასახორციელებლად საარჩევნო ბატალიებამდე. ჩვენ ბოლო სამი წლის მანძილზე აქტიურად ვსაუბრობთ ასეთ ტენდენციაზე. ამ განცხადებებს უკვე გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ორაზროვნად ითქვა, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები. ხელისუფლებას ისღა დარჩენია, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც გამოჩნდება მაისში, პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ. საპარლამენტო უმრავლესობა გარდაუვალი ვალდებულების წინაშე დადგება, მიიღოს დადგენილების პროექტი, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის შესახებ.
_ კონკრეტულად ვინ იქნებიან ეს თანამდებობის პირები?
_ აქ იკვეთება დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელშიც შეიძლება მოაზრებულნი იყვნენ სასჯელთაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ჯანდაცვის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, ანუ იუსტიციის სამინისტრო. ეს ის მოჯადოებული წრეა, სადაც პატიმართა სიცოცხლით მანიპულირება და პროცესების ხელოვნურად გაწელვა ხდება. სახალხო დამცველმა ასეთ ფაქტებს უწოდა “სიკვდილის ექსპორტი”. სახალხო დამცველს პერსონიფიცირებული აქვს ყველა მომხდარი მოვლენა, მხილებულნი არიან ამ უწყებების პირველი პირები და ქვეშევრდომები. როდესაც გეგუთის ციხეში გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალების ფაქტზე 200-მა პატიმარმა გამოაცხადა შიმშილობა, ეს ადამიანები “სპეცნაზმა” უმოწყალოდ სცემა, შემდეგ კი გადაანაწილეს სხვადასხვა დაწესებულებებში, რომ დანაშაულის კვალი დაფარულიყო. ეს კიდევ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა მოვლენებსაც აეხდება ფარდა. ამ პროცესების ანალიზს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ეს ერთი წრეა და ყველა ზემოთ ხსენებული უწყება თანაბრად მონაწილეობს ამ დანაშაულობებში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის მკაცრი და ობიექტური, რაც მხარს გვიმაგრებს, რომ პოლიტიკური ოპონენტები ვაიძულოთ პირველად, სახალხო დამცველის არსებობის ისტორიის მანძილზე, მიიღონ დადგენილება და საკუთარი გუნდის წევრების პასუხისმგებლობის შესახებ ლოგიკური გადაწყვეტილებები მიიღონ.