ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე მარინე თოფურია ამბობს, რომ სტერეოტიპები _ ქალი არ უნდა იყოს ჩართული სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით, პოლიტიკაში, მისთვის მიუღებელია და ეს სტერეოტიპი საქართველომ უნდა დაძლიოს.
მარინა თოფურია: _ არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ, საერთოდ ყველა სფეროში აუცილებელია გენდერული ბალანსის დაცვა. როდესაც ნებისმიერ სტრუქტურაში, მაგალითად, სკოლებში, რეალურად არის გენდერული ბალანსი დაცული, შესაბამისად, იქ ბალანსდება ხედვა, ადამიანების ემოცია, ურთიერთობების კულტურა. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ აუცილებელია, ყველა სფეროში იქნას გენდერული ბალანსი დაცული.
ოზურგეთელი ლევან მჟავანაძის აზრით, ჯერჯერობით ქალთა აქტიურობა პოლიტიკაში დაბალანსებული არ არის. სამწუხაროდ, ტენდენციები ისევ დაბალია, მაგრამ იკვეთება აშკარა წინსვლა ამ ტენდენციების ამაღლებისკენ. წინა პერიოდის პარლამენტს რომ გადავხედოთ, ადგილობრივი თვითმმართველობებში მატულობს ქალთა რაოდენობა, მაგრამ მაინც დაბალი მაჩვენებელია. რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა გააქტიურდეს, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხედვა იმიტომ, რომ კაცებისგან განსხვავებით, ქალები ხშირად სხვანაირად უყურებენ პრობლემას და ძალიან ხშირად, მათი ხედვა შეიძლება ითქვას, ძალიან საღია და აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ დღევანდელი თვითმმართველობა თუ პარლამენტი იყოს რაც შეიძლება მეტი ქალბატონით დაკომპლექტებული. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ხედვა, მით უფრო ახლოს იქნება ჭეშმარიტებასთან.
_ სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი მამაკაცი არ აღიარებს ქალ პოლიტიკოსს; ვფიქრობ, ქალები უფრო ნაკლებად აქტიურობენ და ესეც დისბალანსის ერთ-ერთი მიზეზია. არადა, ოზურგეთში ბევრი ქალბატონი ვიცი, რომელიც წარმატებული პოლიტიკოსი იქნება, _ გვითხრა ლევან მჟავანაძემ.
ახალგაზრდა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების დონეზე სა ეს სტატისტიკა ასე გამოიყურება: საქართველოს პარლამენტში ქალები შეადგენენ 6,5%, ქალთა წარმომადგენლობა მთავრობაში/მინისტრთა კაბინეტში – 20%, სასამართლო ხელისუფლებაში – 48%, ხოლო ადგილობრივ ხელისუფლებაში – 10%. მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში დღეისათვის რეიტინგული და არარეიტინგული პოლიტიკური პარტიების წევრთა არა უმცირეს – 30%-ს შეადგენს ქალები.
გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკა საკმაოდ გააქტიურებულია დეკლარირების დონეზე: პარლამენტმა 2010 წელს მიიღო გენდერული თანასწორობის კანონი, 2010-13 წლების გენდერული თანასწორობის მოქმედებათა გეგმა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განხორციელების ეროვნული მოქმედებათა გეგმა (2011-2015 წწ).
2011 წელს მიიღეს პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში დამატება, რომელმაც გარკვეულწილად ხელი უნდა შეუწყოს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილ სიებში და გაზარდოს არა უმცირეს 20%-ისა. თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება პარტიებისთვის კანდიდატობის მსურველ ქალთა დანახვა და
მაგალითად, გურიის სამივე საარჩევნო ოლქში 18 კანდიდატია, რომლებიც პირველობისთვის იბრძვიან, აქედან ერთია ქალბატონი _ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-71 პუნქტი (რომელიც, 2011 წლის 28 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების შედეგად, დაემატა აღნიშნულ კანონს), სადაც ვკითხულობთ: “საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე _ ყველა პარტიულ სიაში) ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 20%-ით”.
იურისტი ირაკლი პაპავა, რომელიც “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირში” მუშაობს, მისი თქმით, სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე ეკონომიკური და სოციალური განსხვავებების გამათანაბრებელი როლის შესრულება და ხელი შეუწყოს (პრაქტიკული დახმარება გაუწიოს) იმ ჯგუფებს, რომლებსაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საზოგადოებრივ რესურსებზე.
ირაკლი პაპავა: _ ამის ერთ-ერთი გამოხატულება შეიძლება კვოტების სისტემის წახალისება იყოს, რომლის ძირითად მიზანსაც პოლიტიკისაგან ქალების იზოლირების არსებული მდგომარეობის გადალახვა და მათი პოლიტიკურ პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა უნდა წარმოადგენდეს. ამ მხრივ, აღსანიშნავია აღნიშნული მოთხოვნა პოლიტიკური პარტიებისთვის რატომღაც მხოლოდ არჩევნების პერიოდში ხდება აქტუალური; როგორც კი არჩევნები ჩაივლის, გენდერული ბალანსი თითქმის არც ერთ პარტიას აღარ ახსენდება. აქვე ერთ გარემოებასაც უნდა გაესვას ხაზი: სახელმწიფო კანონმდებლობით, ამა თუ იმ ფორმით, განსაზღვრული კვოტები (ე.წ. რეზერვირებული ადგილები) შედარებით უფრო იოლი გასატარებელია დანიშვნით ადგილებზე, ვიდრე არჩევითზე. საქმე ისაა, რომ არჩევნების დროს კვოტების სისტემა დემოკრატიული პროცესის საფუძვლებს ეხება, რომლის დროსაც, კანდიდატების ნომინაციის პროცესზე ამომრჩევლების მეტნაკლები გავლენის მიუხედავად, საარჩევნო სისტემების უმრავლესობაში კანდიდატების შერჩევა-დასახელების პრეროგატივა, საბოლოოდ, პოლიტიკური პარტიების ხელშია. პოლიტიკურ პარტიებს კი, როგორც აღვნიშნეთ, გენდერული ბალანსი მხოლოდ არჩევნების პერიოდში ახსენდებათ, ისიც მხოლოდ ფინანსური სარგებელის მიღების კუთხით. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალისათვის გენდერული ბალანსის უზრუნველყოფა არ წარმოადგენს საკუთრივ პარტიის შინაგან, ორგანულ მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიის შიგნით გენდერული თანასწორობის დაცვამ შეიძლება მთელი რიგი უპირატესობები მოუტანოს ამ პარტიას. მაგალითად, პარტიას ემატება ახალი რესურსი, იზრდება პარტიაში აქტიური წევრი ქალების რიცხვი; პარტია უკეთ მუშაობს ამომრჩეველ ქალებთან, შესაბამისად, იზრდება პარტიის მხარდამჭერ ქალთა რიცხვი.