მცხეთაში, შემოღობილი ტერიტორიიდან საკმაოდ მოშორებით ვიდექით და რეპორტაჟზე ვმუშაობდით, როდესაც პიროვნება, რომელსაც”ქართული ოცნების” შავი ფერის მაისური ეცვა, კატეგორიულად ითხოვდა ჩვენგან, რომ ფოტო არ გადაგვეღო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შევახსენეთ ჩვენი პროფესია და ისიც, რომ ხელს გვიშლიდა, ის მაინც კატეგორიული იყო და გამალებით ცდილობდა ფოტოს გადაღებაში ხელის შეშლას.
_ წადით და სხვა ადგილიდან გადაიღეთ ფოტოები თუ გინდათ. მე ბრძანება მაქვს მიღებული და ამ ბრძანებას ვემორჩილები _ ასეთი იყო მისი განმარტება.
_ ვისგან გაქვთ ბრძანება? რა ბრძანება გაქვთ მიღებული?
_ არ ვარ ვალდებული გითხრათ, ვისგან მივიღე ბრძანება.
_ მაჩვენეთ ბრძანება, თუ არადა, თქვენი გაურკვეველი წარმოშობის ბრძანებებს ჩვენ არ ვექვემდებარებით.
ამ კამათში იქვე, შორიახლოს მდგარი”ქართული ოცნების” პრესსამსახურის წარმომადგენელი, გიორგი უძილაური შევნიშნეთ, რომელსაც ამ სიტუაციის გასარკვევად მივმართეთ.
_ ბატონო გიორგი, ხომ ვერ განგვიმარტავთ, რა ბრძანებები დაუშვეს ფოტოების გადაღებაზე? სხვათაშორის, ზუსტად ანალოგიური პრეტენზია გვქონდა პრეზიდენტის პრესამსახურთან, რომელმაც ჟურნალისტებისთვის პრესსზონები მოაწყო…
_ არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. ვინ გითხრათ, არ გადაიღოთო?
_ წამობრძანდით და გაჩვენებთ.
_ ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ მაგ თემაზე ნონა ყანდიაშვილს დაელაპარაკებით.
_ ნონა ყანდიაშვილს მაგ თემაზე, ერთხელ უკვე ვესაუბრეთ, როცა ჩვენს ჟურნალისტს ანალოგიური აკრძალვა დაუწესეს. დიდი მადლობა, აუცილებლად შეგაწუხებთ აქციის დასრულების შემდეგ ოფიციალური კომენტარისთვის.