დაუშვა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი მაღალჩინოსანის დაკავების დროს შეცდომა, იყო თუ არა სამართლებრივი დარღვევა კონკრეტული პირის დაკავების საქმეში, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო უჩა, შსს მიერ გუნავას დაკავებაში მონაწილე პოლიციელების გათავისუფლება, არის თუ არა აღიარება იმისა, რომ შსს-მ შეცდომა დაუშა?
_ ფაქტობრივად, ეს არის აღიარება. მისასალმებელია, როდესაც ხდება შეცდომის აღირება. მე ვფიქრობ, რომ ეს მარტო შეცდომის აღიარება არ ყოფილა. როგორც პირი ამბობს, მას ჩაუდეს ნარკოტიკი და იარაღი. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ნიშნებს პოლიციელების მხრიდან. ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც უკანონოდ მოახდინა გუნავას დაკავება და იარაღის თუ ნარკოტიკების ჩადება.
_ თქვენ აზრით, პოლიციელების სამსახურიდან გათავისუფლება არ არის საკმარისი?
_ მიუხედავად იმისა, პირი მაღალჩინოსანია თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, კანონი იცავს ნებისმიერ ადამიანს და მისი თავისუფლება უნდა იყოს დაცული. მითუმეტეს, როდესაც ხდება დანაშულის ფაბრიკაცია, ეს არის დასჯადი ქმედება. ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და კონკრეტული პირები უნდა დაისაჯოს. კონკრეტული საქმე მეტყველებს იმაზე, რომ ოპერატიული ინფორმაცია არ იყო მომზადებული. რეალურად ჩანს, რომ საქმე იყო მოუმზადებელი. რაღაც უცებ მოხდა, პოლიციელებმა ჩათვალეს რომ ძველი მეთოდებით, შესაძლებელი იყო ამ საქმის გამოძიება.
პოლიციელების მხრიდან მოხდა იმის განმეორება, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია წლების განმავლობაში აკრიტიკებდა. არაპროფესიულად, პირდაპირ მოხდა საქმის შეკერვა. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მძიმე საქმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. პოლიციელების გათავისუფლება არ არის საკმარისი, რადგან ამ საქმეში სამართლებრივ დარღვევზეა სუბარი.
საიდან გაჩნდა ნარკოტიკი და იარაღი?! ვის ჰქონდა, როგორ ჰქონდა?
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა. გვაქვს ძალიან ბევრი მასალა ამ საქმესთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში გვექნება დასკვნა, თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში.