საპარლამენტო კომიტეტის სხდომას თანათავმჯდომარის სტატუსით გახსნის თინათინ ხიდაშელი და ევროპარლამენტის მხრიდან მილან საბრნოხი. საქართველოს მთავრობას სხდომაზე წარმოადგენს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. სხდომის დასასრულს კი ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრები რეკომენდაციებს მიიღებენ, მსგავს დოკუმენტს უკვე ტრადიციულად ყოველი შეხვედრის შემდგომ აქვეყნებს კომიტეტი.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი 1999 წელს შეიქმნა. კომიტეტი მიღებული შეთანხმებების შესრულების საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს და მოქმედებს როგორც საერთო ინტერესებზე სადისკუსიო ღია ფორუმი. საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრები ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოსა და კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს იხილავენ. მათ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა რეკომენდაციებში შეუძლიათ, რომელთა ადრესატები არიან: თანამშრომლობის საბჭო, პარტნიორი ქვეყნების მაღალჩინოსნები, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-14 სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები არიან: უმრავლესობიდან: დელეგაციის ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი, გიორგი ვოლსკი და ვიქტორ დოლიძე, საპარლამენტო უმცირესობას კი გიორგი კანდელაკი და გიორგი ვაშაძე წარმოადგენენ.





































































