შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის თქმით, დოლიძე სამსახურიდან საკუთარი სურვილით წავიდა, თუმცა, ამის არ სჯერა ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ ჭკუასელს, რომელმაც ვითარებაში გასარკვევად, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს, გოჩა ფერსაშვილს, ოფიციალური წერილი გაუგზავნა.
_ ეს ფედერალური სამსახურია და თავისი კანონები აქვს. კანონის მიხედვით, ვინმეს დანიშვნის ან მოხსნის თაობაზე, რა თქმა უნდა ჩარევის უფლება არ მაქვს, მაგრამ ეს ჩოხატაურს ეხება. შესაბამისად, მორალიდან გამომდინარე, დავინტერესდი, ხომ არ დაჩაგრეს,-მეთქი. მაინტერესებდა, რატომ ხსნიდნენ. ჯერჯერობით, ვერ მივიღე პასუხი. შეიძლება სამსახურეობრივი საიდუმლოებაა. თუმცა, ოფიციალური წერილი გავაგზავნე უშუალოდ ფერსაშვილთან და ალბათ მივიღებ პასუხს. მაინტერესებს, იქნებ ეს ადამიანი გათავისუფლების ღირსი იყო, იქნებ _ არა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას თემურ ჭკუასელი.
_ ბატონო თემურ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ მიზეზი არ არსებობს, რადგან დოლიძემ საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება…
_ მე ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. თუ საკუთარი სურვილით წავიდა, მაშინ ჩემი გაგზავნილი შეკითხვა უაზრობა ხდება _ ცოტა ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდები, თუ მართლა ასეა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ასე იყოს.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ დააწერინეს განცხადება?
_ ზოგადად, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება. იმ ადამიანს, ახალ დანიშნულ სამხარეოს უფროსს, შეეძლო ჩაეთვალა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია. თუ ასეთი სურვილი ჰქონდა, ჰქონდეს. არ არის პრობლემა. საერთოდ, ჩემი შეკითხვის არსი იმაშია, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, გათავისუფლდა თუ არა კანონიერად. ჩოხატაურში შეამჩნევდით, ისევ მუშაობენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. მაქსიმალურად შევეცადე, რომ ყველა დარჩენილიყო. მათ უკან ოჯახები დგას.
_ ამის გამო ბევრი ჩოხატაურელი გაგინაწყენდათ…
_ ვიცი, მაგრამ ვთვლი, რომ მასე ჯობია. ადამიანებს უნდა მოვეფეროთ და მერე ეს საბოლოო შედეგს გამოიღებს, _ ამბობს მაჟორიტარი დეპუტატი.
ჩვენ შევეცადეთ დეპუტატის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოჩა ფერსაშვილის მოსაზრებაც გაგვეგო, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.