ასეთი “მაღალანაზღურებადი” შედეგით დასრულდა კომპანია “ალდაგის“ “რეფორმა”, რომელიც ფიქსირებული ანაზღაურებიდან გამომუშავებაზე გადასვლას ითვალისწინებდა მიზნად. ამ საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც გააკეთა.
_ დიახ, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, შესწავლილი მაქვს და გარკვეული მონიტორინგი და აქტიური ჩართულობაა. აქ არის რამდენიმე მიმართულება _ ქობულეთს რაც შეეხება ეს არის “ჩემი ოჯახის კლინიკა” და მე რამდენჯერმე შევხვდი როგორც აღმასრულებელ დირექტორს, ასევე, მიმართულების მენეჯერს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტი იმისთვის, რომ ჩავერიოთ სახელფასო ანაზღაურებაში, თუმცა, არც თუ ისე არარეალურია, რომ მალე ეს ბერკეტები გაჩნდეს საკანონმდებლო ბაზაზე.
ვაღიარებ და ვადასტურებ, რომ ის ანაზღაურებები, არა მარტო ქობულეთის, არამედ სხვა უამრავ სამედიცინო დაწესებულებებში, ბევრად დაბალია, ვიდრე თუნდაც საარსებო მინიმუმი _ 150 ლარი. ალოგიკურია საერთოდ.
ჩვენ არასდროს გავაკეთებთ იმას, რომ იმპერატიულად და ძალდატანებით შევცვალოთ კერძო კომპანიის და ზოგადად, კერძო ბიზნესის მიმართულება, თუმცა, ჩართულობა და კონსულტაციები აუცილებელია.“ _ განაცხადა მინისტრმა.
თუმცა, იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც “გურია ნიუსმა” დღეს მიიღო, ირკვევა, რომ 6 და 32 ლარიანი ექიმების სახელზე თვეების განმავლობაში ათასობით და ათი ათასობით ლარი ირიცხებოდა.
დღეს, “გურია ნიუსს” ალდაგის შვილობილი კომპანიის “ჩემი ოჯახის კლინიკის” ყოფილი თანამშრომლები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მათ სახელზე დარიცხული შემოსავლები ბევრად აღემატებოდა მათ მიერ ხელზე აღებულ რეალურ თანხას.
როგორც “გურია ნიუსს” საავადმყოფოს ყოფილმა მენეჯერმა სამედიცინო დარგში ზაალ მიქელაძემ (მან პროტესტის ნიშნად ჯერ კიდევ ოქტომრის ბოლოს დატოვა კლინიკა) უთხრა, მის სახელზე ივლისის თვიდან ნოემბრამდე დარიცხული თანხა, ათჯერ მეტი იყო, ვიდრე მისი რეალური შემოსავალი.
როგორც ზაალ მიქელაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ის ხელზე, ხელფასის სახით 1500 ლარს იღებდა, თუმცა, ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, აღმოჩნდა, რომ მის სახელზე დარიცხული შემოსავლები ბევრად მეტი იყო:
“მანამ სანამ ჩვენ “უნიმედი აჭარას” მფლობელობაში ვიყავით და შემოსავლები “ლიბერთი ბანკში” გვერიცხებოდა, ყველაფერი რიგზე იყო. მას შემდეგ, რაც “უნიმედი აჭარა “ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანია “ჩემი ოჯახის კლინიკის” მფლობელობაში გადავიდა და შესაბამისად ჩვენი სახელფასო ანგარიშები “საქართველოს ბანკში” გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ ჩემს კუთვნილ ანგარიშზე, თითქმის ათჯერ მეტი თანხა ირიცხებოდა, ვიდრე რეალურად ვიღებდი, მაგალითად: ივლისში, ნაცვლად 1800 ლარისა, დარიცხული მაქვს 11 250 ლარი, აგვისტოში _ 13 131 ლარი, სექტემბერში _ 15 017 ლარი, ოქტომბერში კი 16 901 ლარი”.
შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაში, რომელიც ზაალ მიქელაძის სახელზე დღეს გაიცა, ვკითხულობთ:
“შემოსავლების სამსახურის ბაზაში არსებული ელექტრონული მონაცემებით, 27.03 2013 წლის მდგომარეობით, ფ|პ ზაალ მიქელაძის მიერ 2012 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 107 645.65 ლარს.
ანალოგიური მდგომარეობა დახვდათ სხვა ექიმებსაც. მაგალითად, ექიმ გუგული ნიჟარაძის შემოსავლების სამსახურის ბაზაში არსებული ელექტრონული მონაცემებით მიხედვით ირკვევა, რომ მის მიერ 2012 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 58 933,04 ლარს. ათმაგი ოდენობით მეტი შემოსავალი რეალურზე, მას სწორედ იმ თვეებში უფიქსირდება, რომელშიც ზაალ მიქელაძეს:
ივლისის თვეში გუგული ნიჟარაძეს ხელფასის სახით დარიცხული აქვს 7675 ლარი, აგვისტოს თვეში – 8925 ლარი, სექტემბრის თვეში _ 10 299.69 ლარი, ოქტომბრის თვეში _ 11 540.63 ლარი, ნოემბრის თვეში _ 12 694.69 ლარი.
რაც შეეხება მეან-გინეკოლოგ ქეთევან ნოღაიდელს, რომელიც ხელზე 340 ლარს იღებდა, მის სახელზე გაწერილი ხელფასები ასე გამოიყურება: ივლისის თვეში ხელფასის სახით დარიცხული აქვს 2581 ლარი, აგვისტოს თვეში – 3018.08 ლარი, სექტემბრის თვეში _ 3453. 14 ლარი, ოქტომბრის თვეში _ 3888.2 ლარი, ნოემბრის თვეში _ 4277 ლარი.
დეკემბრის თვეში კი მისი სახელფასო ანაზღაურება 4227 ლარიდან უცებ 85 ლარზე ჩამოვიდა და ასეთივე რადიკალური ვარდნა მოხდა სხვა ექიმებთან დაკავშირებითაც.
“შემოსავლების სამსახურის ბაზაში არსებული ელექტრონული მონაცემებით, 27.03 2013 წლის მდგომარეობით, ფ|პ ქეთევან ნოღაიდელის მიერ 2012 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 19 767. 96 ლარს”.
არადა, ხელზე აღებული რეალური შემოსავლის მიხედვით მისი წლიური დასაბეგრი შემოსავალი 3937.27 ლარია. სხვაობა რეალურსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის 15 830.69 ლარია.
შეგახსენებთ, რომ საუბარია “ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანიის “ჩემი ოჯახის კლინიკის” მიერ გაწერილ ხელფასებზე, რომელიც გაწერილია თვეების მიხედვით.
“გურია ნიუსმა” დეტალების გასარკვევად მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსაც და “ჩვენი ოჯახის კლინიკის” წარმომადგენლებსაც”. ჩვენ მათ ოფიციალურ მეილებზე კითხვებიც გადავუგზავნეთ, თუმცა პასუხები მათგან, ჯერჯერობით არ მიგვიღია…